ვლადიმირ ზელენსკი – კიევსა და თბილისს შორის პოლიტიკური დიალოგი ახალ იმპულსს იძენს, ჩვენი ამოცანაა, სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი კონკრეტული პროექტებით შევავსოთ

პოლიტიკური დიალოგი თბილისსა და კიევს შორის ახალ იმპულსს იძენს, – ამის შესახებ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

„მივესალმები ქალბატონ ზურაბიშვილს, ჩვენს ქართველ მეგობრებს მეგობრულ უკრაინაში. ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის. პოლიტიკური დიალოგი კი ჩვენს დედაქალაქებს, კიევსა და თბილისს შორის ახალ იმპულსს იძენს. ჩვენი ერთობლივი ამოცანაა, უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი შევავსოთ რეალური შინაარსით და კონკრეტული პროექტებით ურთიერთმხარდაჭერისა და ჩვენს შორის მაღალი ნდობის საფუძველზე“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის განმარტებით, უკრაინასა და საქართველოს აერთიანებთ ერთობლივი მიზნები ევროკავშირსა და ნატო-ში სრულფასოვან წევრობასთან დაკავშირებით.

„ასევე, სასიამოვნოა, აღვნიშნოთ ჩვენი პოზიციების მსგავსება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა არის შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერება. შავი ზღვა უნდა იყოს უსაფრთხო აკვატორია თავისუფალი ვაჭრობისა და ნაოსნობისთვის. ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ ურთიერთობები პარტნიორ სახელმწიფო ფლოტებს შორის შავ ზღვაში. აქტიურად ვმუშაობთ ამ ინიციატივის რეალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოსთან და სხვა მეზობლებთან, იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ პროგრესს“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.