ვლადიმირ ზელენსკი – ვადასტურებ უკრაინის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

ვადასტურებ უკრაინის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და რუსული აგრესიის დაგმობისთვის.

„მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება საქართველოს მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ანექსიის მცდელობის არაღიარებისა და რუსული აგრესიის დაგმობისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართულ მხარესთან აქტიურად ვითანამშრომლებთ ყირიმის პლატფორმის ფარგლებში ყირიმელების უფლებების დაცვის და ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მიზნით. ჩემი მხრივ, უკრაინის მხრიდან მინდა, დავადასტურო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.