ახლა ის დროა, როგორც პოეტი გვეუბნებოდა, ,,ქართველო ხელი ხმალს იკარ”- პარლამენტში ნაძალადევად შეყვანილ ოპოზიციას მოვუწოდებ, უკან გამოდით, დავტოვოთ რეჟიმი მარტო – შალვა ნათელაშვილი

გუშინ უმრავლესობამ მიიღო კანონი, რომლითაც აკრძალა „ლეიბორისტული პარტიის“ საქმიანობა, ეს მოხდა იქ შესული ოპოზიციის მდუმარების ფონზე, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამაზე ხალხის მხრიდან ყველაზე კარგი ნაბიჯი იქ იქნება, რომ შემოდგომის არჩევნებზე ყველა ხმა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მიიღოს.

„გუშინ ოლიგარქიულმა უმრავლესობამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი და აკრძალა „ლეიბორისტული პარტიის“ საქმიანობა. ეს მოხდა იქ შესული ოპოზიციის სრული მდუმარების ფონზე. აღნიშნული კანონი მარტო „ლეიბორისტულ პარტიაზე“ არაა დარტყმა. რადგან არ დაემორჩილა მბრძანებელს, არ შევიდა პარლამენტში, ეს იყო პასუხი საქართველოს მომავლის წინააღმდეგ, დემოკრატიის, განვითარების გასანადგურებლად“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა პარლამენტში შესულ ოპოზიციას მოუწოდა, დატოვონ საკანონმდებლო ორგანო.

„მივმართავ აშშ-სა და ევროკავშირს: ან იყავით ჩვენი მოკავშირეები ან ჩავთვლით, რომ ხართ რუსი ოლიგარქის მოკავშირენი. დაადეთ სანქციები ივანიშვილს,ზურაბიშვილს, ღარიბაშვილს, კუჭავას.

პარლამენტში ნაძალადევად შეყვანილ ოპოზიციას მოვუწოდებ: გამოდით უკან, თორემ ხომ დაინახეთ, უკვე განახლდა სასამართლო პროცესები, რომელიც შეჩერებული იყო „ლეიბორისტულ ფორმატში“, ოპოზიციური ერთიანობის გამო. გამოდით, დავტოვოთ რეჟიმი მარტო, სრულიად გაშიშვლებული. ასეთი მორჩილებით, ასეთი არაპრინციპული პოზიციით, რას ჰქვია პარტიას კრძალავენ და ოპოზიცია ან დარბაზში არ არის, ან მონაწილეობას არ იღებს ან განცხადებას არ აკეთებს?! მათ ჰგონიათ, ეს საფრთხე ხვალ მათ არ მიადგებათ? ძაან ცდებიან. ხომ დაინახეთ, გუშინ ჩვენ აგვკრძალეს და დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე და სხვები დაიბარეს სასამართლოზე. ეს გაგრძელდება უარესი ტემპებით.

ახლა ის დროა, როგორც პოეტი გვეუბნებოდა, ,,ქართველო ხელი ხმალს იკარ”, ის ხმალი უნდა აიღონ ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომელიც ამ ცხრათავიან ურჩხულს წააგდებინებს იმ ბინძურ, პუტინუიდურ თავს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.