ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ხაზარაძის განცხადებაში, რომ თუ “ქართული ოცნება” მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს, „არის საღი აზრი”

“რაც „ლელომ” განაცხადა, კი, მაგაში საღი აზრი არის”- ასე გამოეხმაურა „გირჩი  – მეტი საქართველოსთვის”  წევრი ზურაბ ჯაფარიძე “ლელოს” ინიციატივას, რომლის თანახმადაც თუ “ქართული ოცნება” მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს.

ჯაფარიძის თქმით, მმართველი გუნდი თუ შარლ მიშელის შეთანხმების პირობებს არ შეასრულებს, ხელმოწერილ დოკუმენტს არანაირი შინაარსი აღარ ექნება.

“რაც ლელომ განაცხადა, კი, მაგაში საღი აზრი არის. ჩემი აზრით, ამნისტიის ნაწილში ისინი გავიდნენ  შეთანხმებიდან, ახლა არის მართლმსაჯულების ნაწილი, სადაც უკვე პრინციპში, გასულები არიან, იმიტომ, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეჩერებული არ არის და ამას მოჰყვება კიდევ საარჩევნო საკითხების განხილვა, რომელიც ახლა მიმდინარეობს,”-  აცხადებს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არ ჩერდება. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი მოუსმენს თითოეულ კანდიდატს და მიიღებს გადაწყვეტილებებს მათი განწესების შესახებ.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი. “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ თუ “ქართული ოცნება” მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს.