ხათუნა სამნიძემ და ანი წითლიძემ პარლამენტში პლაკატი წარწერით – „მატყუარა კაცების პარლამენტი,“ გამოფინეს

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ანი წითლიძემ საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში გამოფინეს პლაკატი წარწერით, „მატყუარა კაცების პარლამენტი“.

„ქალთა მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ საარჩევნო კოდექსში იმ ჩანაწერს, რომელიც ეხება ქალთა კვოტირებას, კერძოდ, ახალი ცვლილებებით საკრებულოში საარჩევნო სიაში პოლიტიკურ პარტიებს სამი წევრიდან ერთი უნდა ჰყავდეთ ქალი. მოქმედი რეგულაციით კი, ორი წევრიდან ერთი უნდა იყოს ქალი.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხათუნა სამნიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ ქალთა კვოტირების დებულებას „შარლ მიშელის ფრაქციამ“ დაუჭირა მხარი.