ამირან გამყრელიძე – კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი შესაძლოა, 1 თვეში დომინანტი გახდეს – ივლისის შუა რიცხვებამდე ქვეყანა სამი დასახელების ვაქცინას მიიღებს

ივლისის პირველი კვირიდან, პირველი ნახევრიდან დაიწყება შემოსვლა ვაქცინების და ივლისის შუა რიცხვებამდე გვექნება დიდი რაოდენობით სამი დასახელების ვაქცინა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ.ინდური შტამის შემთხვევები მოიმატებს.

„დელტა“ შტამი დომინანტი რომ გახდეს ამის ალბათობა დიდია. ეს შტამი დომინანტი გახდა ბრიტანეთში. რა თქმა უნდა, მოიმატებს, მომავალი 1 თვის განმავლობაში არ გამოვრიცხავთ, რომ “დელტა”, ე.წ. ინდური შტამი ერთ-ერთი მთავარი წამყვანი გახდეს ცირკულაციაში.

“თუ ყველა ავიცრებით, მაშინ ვერც “ინდური შტამი” მოგერევათ, ვერც სხვა ახლი შტამი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს. ეს ვირუსი ადამიანს ებრძვის, მუტაციები მუდმივად ხდება, არ არის გამორიცხული სხვა დიდ პოპულაციებში სხვადასხვა მუტირებული შტამი ჩამოყალიბდეს. რთულია წინასწარმეტყველება რა შეიძლება გაჩნდეს”,- აღნიშნავს გამყრელიძე.