ირაკლი ღარიბაშვილი – გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსიის თემა შეიძლება იყოს საკითხი, რომელიც ჩვენ და აფხაზებს გაგვაერთიანებს

გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსიით რუსეთი აქაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, პრინციპებს და მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრი ყველა დონეზე აფიქსირებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიციას, ასევე აქტიურად განიხილება, რომ იუსტიციის სამინისტრომ ამ თემაზე სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს.

„გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსიის საგანგაშო ფაქტზე უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ფარგლებში გვქონდა საუბარი. მოგეხსენებათ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო ეს პროცესი. რუსეთი აქაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს, მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. არაერთხელ გვაქვს დაფიქსირებული ამის თაობაზე, ახლაც აქტიურად განვიხილავთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ უკვე სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, ვინაიდან, ეს შეიძლება იყოს საკითხი, რაც გაგვაერთიანებს ჩვენ და აფხაზებს, რომელიც არის თქმა უნდა, განუყოფელი ნაწილი ჩვენი ქვეყნის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას, ყველა დონეზე აფიქსირებს თავის პოზიციას.

„ჩვენი პარტნიორები, ევროკავშირის მისია აქტიურად არის ჩართული. ყველა ასეთ შემთხვევაზე მათ მიეწოდებათ ინფორმაცია და ასე გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.