ანა ნაცვლიშვილი ღარიბაშვილს – სანამ ზღაპრებს გვიყვებოდით, ურეკში ხანძარი გაჩნდა, თუმცა სახანძროს წყალი არ ჰქონდა, ხალხი პოლიციაში შეიჭრა და დასცხეს ერთმანეთს – აი, ასეთ საქართველოში ვცხოვრობთ

ბატონო პრემიერო, სანამ თქვენ აქ პარალელურ საქართველოზე ზღაპრებს გვიყვებოდით, „ქართული ოცნების“ „წარმატებული“ მმართველობის შესახებ, ურეკში ხანძარი გაჩნდა. სახანძრო რომ გამოიძახეს, უთხრეს, რომ წყალი არ ჰქონდათ. ხალხი პოლიციაში შეიჭრა და დასცხეს ერთმანეთს. აი, ასეთ საქართველოში ვცხოვრობთ თქვენი ხელისუფლების პირობებში, – ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.

„გელათზე რა ზერელე პასუხიც გამეცით, ეს არის კარგი ლუსტრაცია იმისა, რომ ასე ზერელედ ეკიდებით კულტურულ მემკვიდრეობას, ეროვნულ იდენტობას და ყველაფერ ქართულს. არც აქამდე მოგიკითხავთ და არც ამ კითხვის შემდეგ მოიკითხეთ ერთხელ უკვე ჩამორეცხილი გელათის ფრესკები ვის და რატომ ანდეთ. რატომ ხართ დარწმუნებული ამ ადამიანების კვალიფიკაციაში, რა ნიშნით შეარჩიეთ ეს ხალხი, საჯარო უნდა იყოს ეს ინფორმაცია“, – მიმართა ნაცვლიშვილმა ღარიბაშვილს.