ბოლშევიკური მიდგომის გაცოცხლების მცდელობაა საპატრიარქოსთვის კულტურული ძეგლების ფლობის უფლების ჩამორთმევა!

 ვარძიაში, ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, რამაც ფრესკის დაზიანება გამოიწვია, სპეციალისტთა ნაწილი და ისტორიკოები აცხადებენ, რომ ხანძარი მონასტერში სასულიერო პირების დაუდევრობის გამო გაჩნდა. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრების ინფორმაციით, იქ მოღვაწე ბერები ტაძარს საცხოვრებელი პირობებისთვის იყენებენ, რის გამოც მონასტრიდან მათი იზოლირება აუცილებელია. ეკლესიას და საპატრიარქოს კი უნდა ჩამოერთვას საეკლესიო ფუნქციის მქონე კულტურული ძეგლების ფლობის უფლება.

ამ მოსაზრებას არჩეული დეპუტატი ზაზა გაბუნია ეხმიანება და ამბობს, რომ ასეთი მოსაზრებით „ბოლშევიკური მიდგომის გაცოცხლების მცდელობასთან“ გვაქვს საქმე.

-„ზოგიერთი კერძო პირის მოსაზრება, რომ ვარძიაში გაჩენილი ხანძრის გამო ეკლესიას და საპატრიარქოს უნდა ჩამოერთვას საეკლესიო ფუნქციის მქონე კულტურული ძეგლების ფლობის უფლება, არის ბოლშევიკური მიდგომის გაცოცხლების მცდელობა, რადგან ეს იყო მათი პოლიტიკა და ასეთი მიდგომით ბოლშევიკებმა დაგვამახსოვრეს თავი. სწორი და მართებული იქნება ვიმსჯელოთ საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებაზე იმგვარად, რომ სახელმწიფოს, ეკლესიის, მოქალაქის, საზოგადოების სამართლიანი მისწრაფება და ინტერესი დავიცვათ, მოვუაროთ და პირველადი შინაარსით შევინარჩუნოთ კულტურული მნიშვნელობის საეკლესიო ძეგლები, იქნას უზრუნველყოფილი, მით უფრო, რომ ამის ევროპული პრეცედენტები არსებობს-აცხადებს გაბუნია.

კომენტარის დატოვება