“მემარცხენე ალიანსის” არასაპარლამენტო ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავებისკენ მოუწოდებს
“მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივანი, პაატა ჯიბლაძე არასაპარლამენტო ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავებისკენ მოუწოდებს.
“პირველის პრესკლუბში” გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა ჯიბლაძემ აღნიშნა, რომ “მემარცხენე ალიანსი” ერთობლივი ინიციატივების შემუშავებას ყველა იმ პარტიას სთავაზობს, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვს “ნაციონალურ მოძრაობასა” და მიხეილ სააკაშვილთან”.
“შალვა ნათელაშვილი ცდილობს, ვითომ ოპოზიციური პარტიების შემოკრებით, ქვეყანაში წინააღმდეგობის მოძრაობა დაიწყოს და ის ბინძური საქმე შეასრულოს, რომელიც დესტაბილიზაციას ემსახურება. “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იმყოფებოდნენ არჩევნების ცნობილი გამყალბებელი, ლაშა ხარატიშვილი და პაატა დავითაია, რომელთანაც პარტიის სამი თუ ოთხი წევრი ირიცხება.
მიხეილ სააკაშვილს თავისი ხელის ბიჭების მეშვეობით არ გამოუვიდა ის, რომ პოლიტიკური პარტიები შეკრებილიყვნენ და არეულობასა და დესტაბილიზაციაზე ეფიქრათ.
ამის საპასუხოდ, “მემარცხენე ალიანსი”, ქვეყანაში არსებულ ყველა ჯანსაღ პარტიას მიმართავს, დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ ქვეყანას ნორმალური კონსტიტუცია ჰქონდეს და ის საკანონმდებლო აქტები განახორციელოს, რასაც არჩევნებამდე მოსახლეობას ვპირდებოდით”,- განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.
პარტიის პოლიტიკური მდივნის ინფორმაციით, “მემარცხენე ალიანს” ბევრი ინიციატივა ჰქონდა. მათ შორის არის შრომის კოდექსთან, ონლაინსესხების აკრძალვასა და “სითი პარკის” საქმიანობასთან დაკავშირებული ინიციატივები.
ჯიბლაძემ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა ხაზგასმა “ლეიბორისტების” ლიდერზე შალვა ნათელაშვილზე და განაცხადა:
-“შალვა ნათელაშვილის მხრიდან ეს ყოვლად სამარცხვინო და ამაზრზენი განცხადება იყო, მგონი ამ ადამიანს ექიმთან მისვლა და ტესტის ჩაბარება სჭირდება, არის თუ არა ნორმალური. ერთხელ ვუთხარი გიჟს გეძახიან-თქო და როგორც ჩანს, ეს მტკიცდება. სოსო შატბერაშვილსა და კახა ძაგანიაზე კი არ არის პრობლემა, რა უნდა ველაპარაკო იმ ადამიანს, რომელიც ჩვენი ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დაკავებას ითხოვდა?!
ეს ადამიანი სამკურნალოა. რა კომენტარი უნდა გავაკეთო მის მონაჩმახთან დაკავშირებით?! მის ცილისწამებასა და დასმენებთან დაკავშირებით, ჩვენ სარჩელს ვამზადებთ, რომელიც მომდევნო კვირაში მზად იქნება. იმედი გვაქვს, რომ მისი “ჩაშვებები” ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. თუ ეს აქამდე არ შეეძლოთ სხვა პარტიებს, ჩვენ შევძლებთ. შალვა ნათელაშვილი არის პოლიტიკური გვამი და საბოლოოდ იქნება დამარხული საქართველოს პოლიტიკური სივრციდან”.