ეკატერინე ტიკარაძე – ინფორმაცია, რომ “სინოვაკის“ და “სინოფარმის“ ვაქცინები მოქალაქეებს “დელტა“ შტამისგან ვერ იცავენ, არაა სრულყოფილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინები მოქალაქეებს „დელტა“ შტამისგან ვერ იცავენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ  მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინაციასთან ერთად მნიშვნელოვანი პირბადეების ტარება და დისტანციის დაცვაა.

„ინფორმაცია, რომ „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინები მოქალაქეებს „დელტა“ შტამისგან ვერ იცავენ, არ არის სრულყოფილი. სხვა ვაქცინებთან მიმართებითაც მეცნიერებს გარკვეული კითხვები აქვთ.  მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ეპიდემიის დამარცხებისთვის, საჭიროა, თითოეული ჩვენი მოქალაქე აიცრას, ასევე ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ დისტანციას, ნიღბის ტარებას და ყველა რეგულაციის დაცვას. ჩვენც მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დავიცვათ ყველა საჭირო ღონისძიება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას, საკითხზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შემდეგი თვიდან ქვეყანა მზად არის, რომ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს.