ევროპარლამენტარები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავენ და „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების დაცვას სთხოვენ

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ „პრაიდის“ მსვლელობა უნდა გაუქმდეს, ეწინააღმდეგება უნივერსალურ უფლებებს – “პრაიდის“ დემონსტრაციები პოლიტიკური დაცვის მშვიდობიანი საშუალება და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უნივერსალური უფლების კრისტალიზაციის გზაა. ამის შესახებ ევროპარლამენტარების წერილშია ნათქვამი.

„მოგმართავთ თქვენ, მინისტრო იმისათვის, რომ გთხოვოთ არა მხოლოდ „პრაიდის“ ჩატარების უზრუნველყოფა, რომელიც მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უნივერსალურ უფლებას შეესაბამება, არამედ იმისთვისაც, რომ ყველა მოსამზადებელი ღონისძიება ჩატარდეს იმისთვის, რომ მანიფესტანტებმა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებით ეფექტურად ისარგებლონ.

ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ სარგებლობდნენ წინა წლებში LGBTI – ფობიური ჯგუფები ამ სადღესასწაულო ღონისძიებებით, რათა თავიანთ სიძულვილს დაყრდნობილები თავს დასხმოდნენ LGBTI მშვიდობიან დემონსტრანტებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს ეფექტური საპოლიციო დაცვა“,- ნათქვამია აღნიშნულ წერილში.

ევროპარლამენტარების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის გადაწყვეტილებით აღიარებულია, რომ საქართველოს მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაცვის ვერ უზრუნველყოფა არღვევს მე -3 მუხლს (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა). „ეს საქმე ეხებოდა მშვიდობიან დემონსტრაციას ჰომოფობიის, ბიფობიის, ტრანსფობიისა და ინტერფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. განცხადების შემტანი პირები ჩიოდნენ, რომ პოლიციამ ვერ შეძლო მათი დაცვა მოძალადე კონტრ-დემონსტრანტებისგან და ითხოვდნენ შეესწავლათ ინციდენტი, კერძოდ, დისკრიმინაციული მოტივი, რომელიც ამის უკან იდგა“, – აღნიშნულია წერილში.

წერილს ხელს 28 ევროპარლამენტარი აწერს.