„საარჩევნო კოდექსი“, საარჩევნო გარემოს ფუნდამენტურ ცვლილებას უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყველა პარტიას, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება მიშელის დოკუმენტს, ეკუთვნის მადლობა.

მისივე თქმით, კანონი უზრუნველყოფს, რომ ფუნდამენტურად შეიცვლება საარჩევნო გარემო ჩვენს ქვეყანაში.

„დღეს დასრულდა 8 თვიანი სამუშაო პროცესი. ეს პროცესი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შედგა მოლაპარაკებების პირველი რაუნდები არჩევნების შემდეგ. პროცესი გაგრძელდა როდესაც ვმუშაობდით შარლ მიშელის დოკუმენტზე და მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო 2 ადამიანს უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. ამ დოკუმენტის მომზადებისთვის, შალვა პაპუაშვილს და ლევან იოსელიანს. რომლებმაც ძალიან აკადემიური მიდგომით უზრუნველყვეს ამ ძალიან დახვეწილი დოკუმენტის მომზადება, რომელიც უზრუნველყოფს ფუნდამენტურ პროგრესს საარჩევნო გარემოს ცვლილების თვალსაზრისით. კანონით გათვალისწინებულია უამრავი ფუნდამენტური ცვლილება და კანონი უზრუნველყოფს, რომ ფუნდამენტურად შეიცვლება საარჩევნო გარემო ჩვენს ქვეყანაში. ყველა პარტია მხარს უჭერს ამ დოკუმენტს და ვინც პასუხისმგებლობით ეკიდება მიშელის დოკუმენტს ეკუთვნის მადლობა და აქვე, სამწუხაროდ გვიწევს აღნიშვნა, რომ ვინც მხარს არ უჭერს ამ კანონს, ის პირდაპირ ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სესიის, პლენარულ სხდომაზე “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის განხილვის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.