მიხეილ სარჯველაძე – ვერ ვხედავ ვერც ერთ ისეთ ფრაგმენტს მიშელის დოკუმენტიდან, რომელსაც შეუძლია, გავლენა იქონიოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან

ვერ ვხედავ ვერც ერთ ისეთ ფრაგმენტს მიშელის დოკუმენტიდან, რომელშიც გათვალისწინებულია სამომავლოდ რაიმე რეფორმის განხორციელება და რასაც შეუძლია, გავლენა იქონიოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეჩერების საფუძველი და მიზეზი ლოგიკურად არ არსებობს.

„ხედავენ საჭიროებას და იმის არგუმენტს, რომ ამ შემთხვევაში გარკვეული საკითხებია დამატებით, რასთან დაკავშირებითაც ალბათ მოსალოდნელია კიდევ რეფორმების განხორციელება, რის შემდეგაც ალბათ, უმჯობესია, განხორციელდეს მოსამართლეების შერჩევის პროცედურები. ვთვლით, რომ ეს ლოგიკა არ გამომდინარეობს მიშელის დოკუმენტიდან. ასეთი ინტერპრეტაცია აქვს რამდენიმე ჩვენს უცხოელ პარტნიორს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე საუბარი არ შეგვიძლია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამაზე როდესაც გვექნება შესაძლებლობა ერთმანეთს პოზიციები გავუზიაროთ, ვფიქრობ და დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ, დავარწმუნოთ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომ დამატებით შეჩერების საჭიროება ამ პროცესის არ არსებობს. ის ცვლილებები, რომელიც შეიძლება, რელევანტური ყოფილიყო და ბმაში ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესთან, საქართველოს პარლამენტში უკვე განხორციელებულია. შესაბამისად, ამის დამატებით შეჩერების საჭიროება არ არსებობს. ვერ ვხედავ ვერც ერთ ისეთ ფრაგმენტს მიშელის დოკუმენტიდან, რომელშიც გათვალისწინებულია სამომავლოდ რაიმე რეფორმის განხორციელება და რასაც შეუძლია, გავლენა იქონიოს ამ შერჩევის პროცედურებთან. შესაბამისად ვთვლი, რომ ლოგიკურად ახსნადი არ არის დამატებით შეჩერების საჭიროება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.