გიორგი ვაშაძე – თამარ ჟვანიას საარჩევნო გაყალბების ეპოქა დასრულებულია, ყველას გილოცავთ, ეს არის ჩვენი დიდი ბრძოლის შედეგი

თამარ ჟვანიას საარჩევნო გაყალბების ეპოქა დასრულებულია. ყველას გილოცავთ, ეს არის ჩვენი დიდი ბრძოლის შედეგი, რომელმაც მოგვიტანა პირველ რიგში, შარლ მიშელის შეთანხმება, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თამარ ჟვანიას გადადგომა პირველი ნაბიჯია და მნიშვნელოვანია, ყველა რეფორმის იმპლემენტაცია.

„სწორედ შარლ მიშელის შეთანხმება დაუდო თამარმა საფუძვლად საკუთარ გადადგომას. ჩვენ ორი დღის წინ მივიღეთ ფუნდამენტური რეფორმები საარჩევნო კუთხით, რათა საარჩევნო თვალსაზრისით საქართველოში არ განმეორდეს იგივე სიყალბე და არ შეიქმნას კიდევ ახალი თამარ ჟვანიები. ის, რომ თამარ ჟვანია გადადგა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა რეფორმის იმპლემენტაცია, განსაკუთრებით ტექნოლოგიების ინტეგრაცია საარჩევნო კუთხით, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ნდობა არჩევნებთან მიმართებით. იმისთვის, რომ არჩევნების დღე არ იყოს მუდმივად ნერვიულობისა და დაძაბულობის საგანი, არამედ იყოს გარკვეული ნდობა, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავაშენოთ, თამარ ჟვანიას გადადგომის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე და რეფერენდუმის დროს, პირველი მნიშვნელოვანი ფაზა იყოს განხორციელებული და დაინერგოს საარჩევნო, როგორც პროცედურული ასევე ტექნოლოგიური ცვლილებები.

საბოლოოდ ჩაბეტონდეს ეს ცვლილებები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დროს, რომელიც დარწმუნებული ვარ, გაიმართება 2022 წელს შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. ყველა სპეკულაცია, რომელიც აქამდე იყო, რისთვის მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი და რა მოგვიტანა შარლ მიშელის დოკუმენტმა, ვხედავთ კონკრეტულ შედეგებს,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა.