შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით 1967 წელს დაბადებული გ.ა. წალკაში დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ა. მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა, მათ შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.