თავისუფალი გადაადგილების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, რომელიც შეიძლება არ შეიზღუდოს- ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ თავისუფალი გადაადგილების უფლება შესაძლოა დაექვემდებაროს შეზღუდვას, თუ უფრო მაღალი ინტერესებია საფრთხის ქვეშ.

თუმცა, მისივე თქმით, ძალადობას მკაცრი რეაგირება მოჰყვება შესაბამისი სამსახურების მხრიდან.

„შესაძლო შეზღუდვები დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე, თავისუფალი გადაადგილების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, რომელიც შეიძლება არ შეიზღუდოს. ეს უფლება შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას, თუ უფრო მაღალი ინტერესები არის საფრთხის ქვეშ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ეს უფლება შეიზღუდოს. ვისთვის ღირსების მარში, ვისთვის აზრის გამოხატვის თავისუფლებაა. ყოველთვის მხარს ვუჭერ, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზებას. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა ნიშნით გამოხატავს აზრის თავისუფლებას. თუ სასწორზე დადგება საჯარო და საზოგადოებრივი ინტერესი, რა შემთხვევაშიც კონსტიტუცია ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ კონკრეტული პირის უფლება შეიძლება შეიზღუდოს. ეს მოხდება, თუ ამის საჭიროება იქნება. ამას კონსტიტუცია გვავალდებულებს. რა თქმა უნდა, იქნება ძალადობა, ამას ექნება მკაცრი რეაგირება. ვინმე თუ გაბედავს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეფერხებას, იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ნებისმიერი რადიკალური ქმედება, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს სამართალდარღვევას ან დანაშაულის ნიშნებს, დაექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას, არავის არ აქვს უფლება ვინმეს მიმართ იძალადოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1-5 ივლისს თბილისში პრაიდკვირეული ჩატარდება.