პირდაპირ ვეუბნებით ნატო-ს, შავ ზღვაში ვითარება უცვლელი თუ დარჩება, რუსეთი გავლენის საზღვრებს გააფართოებს – დმიტრო კულება

უკრაინის ხელისუფლება დღის წესრიგში აყენებს შავი ზღვის საკითხს ალიანსის წევრებთან, ასევე ნატო-ს შტაბ-ბინაში მოლაპარაკებებისას – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ჩვენ უკვე პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით ვეუბნებით ნატო-ს, შავ ზღვაში სიტუაცია უცვლელი თუ დარჩება, რუსეთი კონტროლს დაამყარებს და თავისი გავლენის საზღვრებს გააფართოებს. გააფართოებს კონტროლს სავაჭრო მარშრუტებზე და მუდმივად შექმნის საფრთხეს რეგიონში.

ნელ-ნელა, თუმცა ჩნდება პოლიტიკის ელემენტები სწორედ შავი ზღვისთვის, სამწუხაროდ, არის ასეთი ინგლისური გამოთქმა – too little too late. ზედმეტად ცოტა და ზედმეტად გვიან. ვისურვებდი, რომ ეს გამოთქმა სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს.

ახლა რუსეთს ოკუპირებულ ყირიმში სტრატეგიულად ხელსაყრელი მდგომარეობა აქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შავმა ზღვამ აზოვის ზღვის ბედი არ გაიზიაროს,” – განაცხადა კულებამ.

შეგახსენებთ, რომ შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო ფლოტის სწავლება გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.