გახარია რაც ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკაში დაბრუნდა, აკეთებს არათანმიმდევრულ განცხადებებს, რომ დევნიან, უთვალთვალებენ – მოვუწოდებთ მას, ფაქტები დადოს – გიორგი ამილახვარი

გიორგი გახარიამ დევნასა და თვალთვალთან დაკავშირებით საუბრისას ფაქტები უნდა წარმოადგინოს, ან არათანმიმდევრულ პოლიტიკურ დღის წესრიგს შეეშვას – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანხვედრის გარდა, გახარიასგან რაიმე ახალი პოლიტიკური გზავნილი ვერ მოისმინა.

„სამწუხაროდ, რაც გიორგი გახარია ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკაში დაბრუნდა, მხოლოდ არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებს, რომ მას დევნიან, უთვალთვალებენ და ა.შ. ჩვენ მას მოვუწოდებთ, მოიტანოს, დადოს ფაქტები, ან დაანებოს არათანმიმდევრულ პოლიტიკურ დღის წესრიგს თავი და შემოგვთავაზოს მისი პოლიტიკური დღის წესრიგი, რადგან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანხვედრების გარდა, სამწუხაროდ, რაიმე ახალი პოლიტიკური გზავნილი ვერ მოვისმინეთ.

გიორგი გახარიამ კონკრეტული ფაქტები უნდა დადოს, რას გულისხმობს.„ქართულ ოცნებაში“ გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს, ვიდრე გიორგი გახარიას პარტიის საოფისე ინფრასტრუქტირის მშენებლობა, ამიტომ ეს მათი შიდაპარტიული საქმეა. როგორც ჩანს, აქაც ხარვეზები აქვთ, ვერ ალაგებენ ურთიერთობას ტექნიკურ ნაწილში, ამაზე მეტი კომენტარი რა უნდა გავაკეთოთ?“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.