გიორგი გახარია – მმართველი პარტია როცა შეთხზული ტყუილებით ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია

არ ვუღალატებთ ჩვენს პრინციპებს, ვიშრომებთ და ვიზრუნებთ ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენ არ ვებრძვით არავის, არ ვართ არავის წინააღმდეგ, ვიქნებით მხოლოდ საქართველოსთვის მიუხედავად იმისა, რას მოგვიგონებენ, როგორ იჭორავებენ და გაგვლანძღავენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გორში, რეგიონული ოფისის გახსნის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარიას განმარტებით, როდესაც მმართველი პარტია შეთხზული ტყუილებით ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია.

„როდესაც ხელისუფლება, მმართველი პარტია შეთხზული ტყუილებით ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია. ამიტომ მე წამებულის მანტიას კი არ ვირგებ, გეუბნებით, რომ პარტია „საქართველოს“ დღეს ჰყავს ყველაზე განათლებული, ყველაზე კეთილსინდისიერი, ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე ეფექტიანი და ეფექტური ადამიანები თავის რიგებში. ამ ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ეს ადამიანები, ახალგაზრდა პოლიტიკოსები, ყველანაირი შიშის გარეშე, პირველად სხდებიან ეთერებში, დებატებში გამოცდილ პოლიტიკოსებთან და იგებენ ამ დებატებს. უფრო მეტიც, იწვევენ მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც. ნუ ღელავთ, ახალ ოფისს ავიღებთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.