ვმუშაობთ შსს-სთან პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოებაზე, ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აქციაზე ადამიანთა უსაფრთხოება იყოს დაცული – გიორგი თაბაგარი

ერთხელ და სამუდამოდ, თუ მშვიდობიანად ჩავატარებთ ამ მსვლელობას, დავასრულებთ  ვნებათაღელვას, რომელიც ყოველწლიურად ანგრევს ამ ქვეყნის ემოციურ მდგომარეობას, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა განაცხდა.

როგორც თაბაგარმა განაცხადა, კვირეულის ფარგლებში იქნება სამი სხვადასხვა ღონისძიება და აღნიშნა, რომ ძირითადად, ეს კულტურული ღონისძიებები იქნება.

„ვმუშაობთ შსს-სთან კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოებაზე. მესამე სამუშაო შეხვედრა გვქონდა და კონსტრუქციულ ფორმატში მიმდინარეობს. ჩვენ ვცვლით ინფორმაციას და ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აქციის უსაფრთხოება იყოს დაცული. შსს-ც ამბობს, რომ ისინიც გააკეთებენ ყველაფერს. იმედი გვაქვს, ასეც იქნება.

კვირეულის ფარგლებში იქნება სამი სხვადასხვა ღონისძიება, ძირითადად, კულტურული ღონისძიებებია და ერთი არის „ღირსების მარში“, რომელიც დაასრულებს კვირეულს. ძირითადად გვინდა, რომ ეს კვირეული გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ველაპარაკოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ავუხსნათ, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. უფრო პოლიტიკური შინაარსის არის ჩვენი „ღირსების მარში“. სოლიდარობა გვაქვს წელს თემად და ვფიქრობთ, იმ პირობებში, რომ პანდემიაა ქვეყანაში, სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვებაა, სოლიდარობა არის ის, რაც ძალიან გვჭირდება.

მოვუწოდებდი იმ ადამიანებს, რომლებიც გეგმავენ, სიძულვილის დანაშაულში მიიღონ მონაწილეობა, ნუ გააკეთებთ ამას. უამრავი ადამიანი იქნება გარეთ, არა მხოლოდ ლგბტ ადამიანი, სხვადასხვა ჯგუფის სოციალური წრის, სხვადასხვა ასაკის ადამიანები. უკეთეს ქვეყანაში გვინდა, ვიცხოვროთ და ძალადობა არ წაადგება არავის. არც ქვეყანას, არც ჩვენ და ვფიქრობთ, არის რესურსი, ერთხელ და სამუდამოდ, თუ მშვიდობიანად ჩავატარებთ ამ მსვლელობას, დავასრულებთ ამ ვნებათაღელვას, რომელიც ყოველწლიურად ანგრევს ამ ქვეყნის ემოციურ მდგომარეობას.

როდესაც ადამიანის უფლებები ირღვევა, ყველანი ვთანხმდებით, ესეც ჩანს არსებულ პროცესებში, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან საქართველოში ლგბტ ადამიანები. ამ ყველაფერზე ცნობიერების შესაცვლელად, რომ ხვალ უფრო მეტმა ადამიანმა იცოდეს, რომ ძალადობა არ არის ურთიერთობის მისაღები ფორმა, რომ ამ ადამიანებს აქვთ პრობლემები. ცოტა მეტი ემპათია და სოლიდარობა რომ გვქონდეს და არ იყოს ძალადობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საბაზისოა“, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა.