მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ნებისმიერი ფაქტი, სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის, მკაცრად იქნება დასჯილი – ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონის და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოხატონ.

ამასთან, როგორც სირაძემ აღნიშნა, სამართალდამცველების მიმართ თავდასხმის ან შეურაცხყოფის შემთხვევაში, ეს ქმედება მკაცრად დაისჯება.

„ადგილზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც იცავენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი. ყველას, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს, აქვს სიტყვის და გამოხატვის უფლება. ასევე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, არ გასცდნენ კანონის და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში.

ნებისმიერი ფაქტი, სამართალდამცველზე თავდასხმის ან შეურაცხყოფის მკაცრად იქნება დასჯილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და თავიანთი უფლებები გამოხატონ კანონის ჩარჩოებში“,- განაცხადა სირაძემ.