ნათია მეზვრიშვილი – მოსამართლეობის კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ, რადგან მიგვაჩნია, რომ პროცესი როგორც დღეს მიმდინარეობს მთლიანად ასუსტებს ნდობას მთლიანი პროცესის მიმართ

სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი ზეპარტიულია და ჩვენ ყველა თანაბრად უნდა ვიყოთ დაინტერესებული, რომ ამ ნაწილში პროგრესს მივაღწიოთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით პროგრესი არ გვაქვს.

„მოვიდა დრო, რომ ვაღიაროთ, რომ რეფორმის არაერთი ტალღის მიუხედავად, რეალურად დღეს სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით პროგრესი არ გვაქვს. ამას რაც უფრო ადრე ვაღიარებთ, მეტად სწრაფად გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს. პარტიამ „საქართველოსთვის“ გუშინ ბრიფინგზე ჩვენი პოზიცია ძალიან დეტალურად გავაცხადეთ და ვაინიცირებთ კონკრეტულ კანონპროექტს, რომელიც პირველ რიგში, მიმართულია სასამართლო სისტემაში არსებული გავლენის ჯგუფის გავლენის შესუსტებისკენ და საბოლოო ჯამში აღმოფხვრისკენ.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა. მოსამართლეების საკითხზე ბოიკოტთან დაკავშირებით მოსაზრება გავრცელდა და ჩვენი პოზიცია ცალსახა, მკაფიოა. ჩვენ ხალხმა რა მანდატიც მოგვანიჭა, ჩვენი გუნდის პარლამენტის წევრებს ვგულისხმობ, ჩვენ ამ მანდატს შევასრულებთ.

აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პროცესს ბოიკოტი რომ გამოუცხადოს, ჩვენ პროცესში, განხილვაში მონაწილეობას მივიღებთ. მივიღებთ, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავანახოთ მთელი ამ მიმდინარე პროცესის მანკიერი მხარეები. თუმცა კანდიდატების კონკრეტული სახელებისა და გვარების მიუხედავად, მოსამართლეობის კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ, რადგან მიგვაჩნია, რომ პროცესი როგორც დღეს მიმდინარეობს მთლიანად ასუსტებს ნდობას მთლიანი პროცესის მიმართ, ასევე კონკრეტული ინდივიდუალური მოსამართლეების მიმართ. ეს ნდობა დღეს იმდენად დაბალია, რომ ამის აღდგენა გაჭირდება პირველ რიგში, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართულებით კონკრეტული ცვლილებები არ განვახორციელეთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.