“საქნახშირი” მეშახტეების ნაწილის მოთხოვნას პასუხობს

ტყიბულში კომპანია “საქნახშირში” საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეხვედრა დასრულდა, სადაც გაფიცული მეშახტეების ნაწილის მოთხოვნა განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ სოცკიმ მედიასთან განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ საკონსულტაციო საბჭოსა და მისი წევრებისთვის მიუღებელია არა დასაქმებულთა მოთხოვნები, არამედ ამ მოთხოვნების გაჟღერების ფორმა, რომელიც ძირითადად სამუშაო პროცესის თვითნებურ შეწყვეტაში გამოიხატება.

ამასთანავე, „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, დასაქმებულთა მიერ წამოყენებული მოთხოვნები უკვე სრულად განხილულია და საკონსულტაციო საბჭო უკვე ემზადებოდა ამ საკითხების განხორციელებისთვის.

„დაახლოებით 2 კვირის წინ, კომპანიაში შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო. ეს იყო ერთთვიანი მუშაობის შედეგი. საკონსულტაციო საბჭო შედგება 46 ადამიანისგან. საბჭოს თითოეული წევრი აირჩა მეშახტეებს შორის, პირდაპირი ხმის მიცემის წესით. დღეს შედგა კომიტეტების არასანქცირებული მუშაობა. ეს დაკავშირებული იყო გარკვეულ სიტუაციასთან – დღეს საშახტო ტრანსპორტის უბანმა უარი განაცხადა სამუშაოდ წასვლაზე. არა მთელმა შახტამ, არამედ მხოლოდ საშახტო ტრანსპორტის უბანმა. კომიტეტების მუშაობის ფარგლებში განხილული იქნა ის მოთხოვნები, რომლებიც წამოაყენეს საშახტო ტრანსპორტის თანამშრომლებმა. მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები უკვე დიდი ხანია განხილვის პროცესშია და მათზე პასუხი 100%-ით გადაწვეტილია. საკონსულტაციო საბჭო უკვე ემზადებოდა ამ საკითხების განხორციელებისთვის. არ არის ისეთი საკითხები, რომელზეც საკონსულტაციო საბჭოს პასუხი არ აქვს. კითხვებს არა მარტო პასუხები გავეცით, არამედ მათი განხორციელებაც დაწყებულია.

საბჭოსთვის და მისი წევრებისთვის მიუღებელია არა მოთხოვნები, არამედ ამ მოთხოვნების გამოხატვის ფორმა. ჩვენთვის მისაღებია ნებისმიერი საკითხისა და სადაო თემის გადაწყვეტა მოლაპარაკების ფორმით, მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა მიხაილ სოცკიმ.