იაგო ხვიჩია – სამართალდამცავი სისტემა დღეს ჩაფლავდა, ადამიანები სპეციფიკური ბრბოს წინაშე დაუცველები არიან

სამართალდამცავი სისტემა დღეს ჩაფლავდა, შესაბამისად, ადამიანები არიან დაუცველები სპეციფიკური ბრბოს წინაშე, რომელსაც გეი და ოპერატორი ერევა ერთმანეთში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, დღეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, რადგან ისეთი ხალხი დაშავდა, რომლებიც ღირსების მარშთან არ იყვნენ კავშირში.

„ამის მიზეზი არავინ იცის. შეიძლება ადამიანები ისე განაწყოს, რომ ვიღაცას ისე მისდევდეს, ვინც შეხვდება იმას ურტყამდეს? – ეს ძალიან სამარცხვინო ფაქტია და ყველა მონაწილე, რომელიც ამ პროცესს არ გაემიჯნება, როცა აზრზე მოვა, საკუთარი საქციელის ძალიან შერცხვება. ამ სიტუაციიდან ყველაზე გალახული ხელისუფლება გამოდის. რეალურად, ეკლესიამ და ამ ხალხმა, რაც გააკეთა, იმის ჩვენებაა, თუ ვინ არის „ბოსი“. ამის მტკიცების პროცესს ვხედავთ და გეების დევნა შირმად არის გამოყენებული საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად. ვერავინ დამაჯერებს, რომ დღეს, 5 ივლისს არის დღე, როცა სიწმინდის დამცველი ქართველი ვაჟკაცები გეების წინააღმდეგ ერთბაშად ირაზმებიან ბუნებრივად, ამ დღეს „აწვებათ“ რაღაცნაირად ყველანაირი ემოცია დაეს ემოცია იმდენად მძაფრია, რომ იღვრება პირველ შეხვედრაზე, ისეთ უწყინარ ხალხზე, როგორებიც ჟურნალისტები და ოპერატორები არიან?”, – განაცხადა ხვიჩიამ.