ნინო ლომჯარია – მივმართავ შსს-ს, დაუყოვნებლივ დაიწყონ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მხარდაჭერას უცხადებს ჟურნალისტებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად აშუქებდნენ რუსთაველის გამზირზე და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

ლომჯარიას თქმით, მიმართავს შსს-ს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გავრცელებული ვიდეომასალის გაშიფვრა და იდენტიფიცირება იმ ადამიანების, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე.

„ძალიან მძიმე მოვლენების თვითმხილვლებები გავხდით, პირველ რიგში, მინდა, ჩემი პატივისცემა, სოლიდარობა, მხარდაჭერა გამოვუცხადო ჟურნალისტებს, რომლებიც სამოქალაქო გმირობას ჩადიოდნენ დღეს, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად აშუქებდნენ რუსთაველის გამზირზე და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები, რომელთა გმირულმა მუშაობამ ადგილზე უზრუნველყო ის, რომ შედარებით პრევენცია გაუკეთა თუნდაც უარესი მოვლენების განვითარებას.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალადობრივი ქმედებების დოკუმენტირება მოახდინეს დღეს ჟურნალისტებმა. მინდა, ასევე მივმართო შსს-ს, რომ დაუყოვნებლივ, დღესვე დაიწყონ გავრცელებული ვიდეომასალის გაშიფვრა და იდენტიფიცირება იმ ადამიანების, ვინც ძალდობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე და უახლოეს პერიოდში მოგვაწოდონ ინფორმაცია, რა ღონისძიებები გაატარეს ამ ადამიანების იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მციემისთვის“, – განაცხადა ლომჯარიამ.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის განმარტებით, წინა წლებში არც ერთ მსგავს ფაქტთან დაკავშირებით არ მომხდარა სათანადო სამართლებრივი რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

„მინდა, ვთქვა, რომ წინა წლებში არც ერთ მსგავს ფაქტთან დაკავშირებით არ მომხდარა სათანადო სამართლებრივი რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ყველა შემთხვევაში, მსგავსი ძალადობრივი ფაქტები, სიძულვილით მოტივირებული და ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები რჩებოდა დაუსჯელი და მგვაჩნია, რომ სწორედ ამ დამოკიდებულებამ წაახალისა დღევანდელი ქმედებები. ასევე, უკიდურესად მიუღებელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლითაც მან ფაქტობრივად გაათანაბრა ძალდობრივი და მშვიდობიანი ჯგუფები უფლებრივად. ცალსახად მინდა, აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს საწინააღმდეგო აზრი, მათ შორის პრაიდის ორგანიზებასთან დაკავშირებითაც, დააფიქსიროს ეს მშვიდობიანი ფორმით, მაგრამ ცალსახაა, რომ ეს ადამიანები უკვე აანონსებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, დილიდანვე დაიწყეს ძალადობრივი ქედებები საკუთრების, მოქალაქეების წინააღმდეგ და ა.შ. შესაბამისად, როდესაც განცხადებებით ძალადობრივ ჯგუფებს უფლებრივად ათანაბრებ მშვიდობიან მოქალაქეებთან, ეს არის აპრიორი არასწორი და კიდევ ერთხელ დამატებითი წახალისება ამ ჯგუფებისა, რომ იძალადონ. ასევე, არასწორი იყო პოლიტიკური სარჩულის მიკერება და დაკავშირება პრაიდის გეგმებთან დაკავშირებით, რამაც ძალადობრივი ფონი კიდევ უფრო დაამძიმა და წაახალისა“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.