“ქვეყანაში, პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო უნდა გავხადოთ პროგნოზირებადი, რომ ვერავითარმა რყევამ ვერ შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება” – პრემიერი

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შესახებ “ეკონომიკა – 2030“ პრეზენტაცია წარადგინეს.

მთავრობის მეთაურმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ  “ქართული ოცნების” მთავარი ამოცანა უნდა იყოს ეკონომიკის გაორმაგება 2030 წლისთვის.

“მე შეგახსენებთ,  ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ დღეს, ქვეყანაში, პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი. მე შორს არ წავალ და არ გაგახსენებთ, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ ძალიან ბევრი გაურკვეველი ეკონომიკური პოლიტიკის მომსწრენი გავხდით. შედეგად ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი დანგრეული ადგილობრივი წარმოება, გაჩერებული ქარხნები, ფაბრიკები, ძალიან ბევრმა, ასობით ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი და გაღარიბდა ჩვენი მოსახლეობა, რაც არის ტრაგედია, პირდაპირ ასე შეიძლება ითქვას.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობთ, რომ ოკუპაციის შემდეგ, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ნომერ პირველი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი განვითარებისთვის, არის ეკონომიკური სიდუხჭირე და სიღარიბე ჩვენი მოსახლეობის.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება. რაც მთავარია, ეს გეგმა, ეს პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭირვალე , გახსნილი, ღია და პროგნოზირებადი. ჩვენ უნდა გავხადოთ გარემო პროგნოზირებადი, რომ ვერავითარმა რყევამ ვერ შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება”, –  აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.