ბადრი ჯაფარიძე – გუშინდელი მოვლენების შემდეგ პირდაპირ დგება მთავრობის ხელმძღვანელისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა

პირდაპირ დგება მთავრობის ხელმძღვანელისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, – ასე ეხმაურება „ლელოს“ ლიდერი, დეპუტატი ბადრი ჯაფარიძე თბილისში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.

ჯაფარიძის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ იყო მითითება, ბრძანება მიცემული პოლიციელებზე, რომ არ ჩარეულიყვნენ და ეს იყო კიდევ ერთი „სამარცხვინო ფურცელი, რომელიც „ქართული ოცნების“ მოღვაწეობის პერიოდში ჩაიწერა“.

„გუშინ დილით ამას წინ უსწრებდა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელმაც ძალადობრივი ჯგუფები წააქეზა, რომ ჩაედინათ ეს დანაშაულები, რაც ვნახეთ. პირდაპირ ჩანს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ფაქტობრივად, დღის განმავლობაში პოლიცია აკვირდებოდა ამ ძალადობის ფაქტებს და არ იღებდა აქტიურ ზომებს, რომ ჟურნალისტების ეს ამაზრზენი დევნა მთელი ქალაქის მასშტაბით შეწყვეტილიყო; არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ გამვლელების, რომლებიც თვალში თუ არ მოუვიდოდათ და რომელიმე მათგანი არ იყო ისე ჩაცმული, როგორც მათ მოსწონთ, ხდებოდნენ ძალადობის მსხვერპლი.

პირდაპირ დგება პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობის ხელმძღვანელისა და შინაგან საქმეთა მინისტრის. გვიჩნდება ეჭვი, რომ იყო მითითება, ბრძანება მიცემული პოლიციელებზე, რომ არ ჩარეულიყვნენ, როცა ხედავდნენ, რომ ძალადობა ხდებოდა ჟურნალისტებზე, გამვლელებზე და ა.შ. რეაგირება მოხდა დიდი დაგვიანებით. ჩანდა, რომ თითქოს, იყო მითითება პოლიციელებზე, რომ მათ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ დანაშაულების აღკვეთასა და პრევენციაში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.