ეპიდემიოლოგიური რისკები სერიოზულია – სხდომაზე ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ზაფხულის პერიოდში კონფერენციებზე, შეკრებებზე მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდა ახალი შტამების ხარჯზეა.

გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ფონზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების რისკები სერიოზულია, რის გამოც აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.

„რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური რისკები სერიოზულია. მოგეხსენებათ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა ახალი შტამების ხარჯზეა. მთლიანად ევროპაში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან ანაცვლებს ბრიტანული შტამის ცირკულაციას. როგორც არის პროგნოზი, დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებში თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულ შტამს. ამიტომ, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად.

დღეს ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ ამ ზაფხულს კონფერენციები, შეკრებები თუ იქნება, იქ მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან. ასევე სასტუმრო რომ უსაფრთხო იყოს, აუცილებელია, სასტუმროს პერსონალი ორჯერადად იყოს აცრილი, სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც ტარდება შეკრება, კონფერენცია, აუცილებლად ორჯერადად აცრილი ადამიანები იყვნენ. დღეს ვირუსის გავრცელების შეკავების მთავარი გზა გადის ვაქცინაციაზე. თუ გვინდა, რომ ვითარება არ გართულდეს, მაქსიმალურად უნდა აიცრას მოსახლეობა, დღეს ქვეყანაში ვაქცინის დეფიციტი არ არსებობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.