პროფესიულმა საბჭომ რეკომენდაცია გასცა, რომ სათანადო რეაგირება მოეხდინა იმ ექიმებთან მიმართებაში, ვისთანაც მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში პროცედურული დარღვევები იკვეთებოდა – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ახალციხის კლინიკა “იმედიდან” ექიმების გათავისუფლებას გამოეხმაურა. მისი თქმით, გასულ კვირას პროფესიულმა საბჭომ კლინიკის მისამართით რეკომენდაცია გასცა, რომ სათანადო რეაგირება მოეხდინა იმ ექიმებთან მიმართებაში, ვისთანაც მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში პროცედურული დარღვევები იკვეთებოდა.

გაბუნიას თქმით, კლინიკის შეფასებით, მომხდარზე კლინიკამ სათანადო რეაგირებად ექიმების გათავისუფლება მიიჩნია.

“გასულ კვირას გაიმართა პროფესიული საბჭო და პროფესიულმა საბჭომ იმსჯელა იმ გამოვლენილ პროცედურულ დარღვევებზე, რომელიც იქ დაფიქსირდა, გამოძიებამ ამის შესხებ დიდი ხნის წინ აცნობა და პროფესიული საბჭოს რეკომენდაცია, ახალციხის კლინიკის მიმართ იყო იმგვარი, რომ ეთიკური მხარე, ასევე პროცედურული მხარე საქმის წარმოების მხარე დაირღვა, რაც მნიშვნელოვანია, რომ რეაგირების გარეშე არ დარჩეს.

რა თქმა უნდა, პროფესიული საბჭოს უფლებამოსილებას სცილდება, რომელიმე თანამშრომლის დანიშვნა ან განთავისუფლება, თუმცა აქცენტი გაკეთდა ეთიკური პრაქტიკის სერიოზულ დარღვევაზე და საბჭომ გასცა რეკომენდაცია სათანადო რეაგირების აუცილებლობის შესახებ, როგორც ჩანს ეს იყო განხორციელებული რეაგირება ახალციხის კლინიკის მიმართ, დროებით, ვიდრე საბოლოოდ არ დადგინდება მიზეზები”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის, 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა “იმედში”, ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, “ასტრაზენეკას” გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა. სავარაუდოდ, მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ანაფილაქსიური შოკში ჩავრდნის შემდეგ მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.