მოსამართლე ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულს – ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა

რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმიწფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა, – ამ სიტყვებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებულებს მიმართა.

„მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა. თქვენი ქმედებები უაღრესად საფრთხის შემქმნელია და უაღრესად მაღალი რისკი არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს“, – განაცხადა ხორავამ.

ამასთან , მოსამართლის გადაწყვეტილებით,, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატირმობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ხუთ პირს – ც.ჩ-ს, ბ.მ-ს, თ.გ-ს, ო.გ-ს, მ.დ-ს და „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე სამ პირს – ა.ა.-ს, გ.ე.-ს და გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა.

უწყების განცხადებით, ც.ჩ-ს, ბ.მ-ს, თ.გ-ს, ო.გ-ს და მ.დ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ. ა.ა.-ს, გ.ე.-ს და გ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ. დაკავებულთა მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.