მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

5 ივლისს რუსთაველის გამზირზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა, რითაც დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2021 წლის 7 და 8 ივლისს დააკავეს. ც.ჩ-ს, ბ.მ-ს, თ.გ-ს, ო.გ-ს და მ.დ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ. ა.ა.-ს, გ.ე.-ს და გ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ. დაკავებულთა მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.