სამების ტაძრის არქიმანდრიტმა, იოანე მჭედლიშვილმა ლექსო ლაშქარავას ოჯახს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი გადასცა

სამების ტაძრის არქიმანდრიტმა, იოანე მჭედლიშვილმა ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილი გადასცა.

მისი თქმით, 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტები გამოძიებული უნდა იყოს. არქიმანდრიტის ინფორმაციით, საპატრიარქოში ის სასულიერო პირები დაიბარეს, ვისაც 5 ივლისს „გადაცდომა ჰქონდა”.

„მისი უწმინდესობის სამძიმრის წერილი მოვიტანეთ ოჯახში და წესი ავუგეთ ალექსანდრეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ, ვიზიარებ ამ ოჯახის მწუხარებას. ალექსანდრეს ჰქონდა მასთან შეხვედრის დიდი სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შედგა და უწმინდესი მის დედას აუცილებლად შეხვდება უახლოეს პერიოდში.

ყველა ძალადობის ფაქტი უნდა იყოს გამოკვლეული და მოძალადე უნდა იყოს დასჯილი. სასულიერო პირებს, ვისაც ჰქონდა გადაცდომა, ვიცი, რომ საპატრიარქოში იყო დაბარებული და საპატრიარქოში მოსთხოვეს მღვდელმთავრებმა ამ ყველაფერზე პასუხი.

ტელევიზიებიდან გაჟღერებული ერთი, ორი ან თუნდაც ხუთი მოძალადე მღვდლის გამო, მეც მოძალადედ აღმიქვამს მთელი საქართველო და ეს ჩემი ბრალია? მე რა შუაში ვარ, 2000 მღვდლიდან თუ 5 აშავებს, 1995-მა რა დავაშავეთ? იუდათი ხომ არ უნდა განვსაზღვროთ 12 მოციქული“, – განაცხადა არქიმანდრიტმა, იოანე მჭედლიშვილმა.