26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

26 წლის ყაზახი აისელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.

მათი  ინფორმაციით, ბრალდებულს დაკავების დროს ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა და არტერიული ჰიპერტენზია დაუდგინდა, რის შემდეგაც მუდმივად იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბესიკ თორდუამ პენიტენციური დაწესებულებაში 30 ივნისს ძლიერი თავის ტკივილი დააფიქსირა, დაკარგა გონება, რის შემდეგაც, გაუარესდა მეტყველება, დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა, მოგვიანებით ის სასწრაფო დახმარებამ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანა.

უწყების ცნობით, კლინიკაში გამოკვლევების შედეგად მამაკაცს თავის ტვინის ინფარქტი დაუდგინდა და  მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.

“ბრალდებული ბ.თ.N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სსკ-ის 137- ე მუხლის საფუძველზე (გაუპატიურება) 08.05.2021 მოთავსდა. შემოსვლისას დადგენილი წესით ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და დაუდგინდა დიაგონიზი არტერიული ჰიპერტენზია. მიეცა შესაბამისი დანიშნულება და მუდმივად იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

30.06.21 დაწესებულების ექიმთან დააფიქსირა ძლიერი თავის ტკივილი, გონების კარგვა, რის შემდგომაც გაუარესდა მეტყველება, დაფიქსირდა მაღალი არტერიული წნევა – T/A-200/120mmHg, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის (სავარაუდო) გამო გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სასწრაფო დახმარების მიერ.

კლინიკაში ჩატარებული თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგებისა და ნევროლოგის კონსულტაციის საფუძველზე, დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ტვინის ინფარქტი, დაუზუსტებელი. მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, უტარდებოდა დანიშნული მკურნალობა, ინტენსიური მონიტორული მეთვალყურეობა.

ნეიროქირურგის საკონტროლო კონსულტაციის შედეგად საჭირო გახდა სასწრაფო ოპერაციული ჩარევა. ოპერაციის შემდეგ ზოგადი მდგომარეობა რჩებოდა მძიმე, ჰემოდინამიკური პარამეტრები არასტაბილური. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, 14.06.21 ში დაფიქსირდა ბრადიარითმია, რომელიც მალევე გადავიდა ასისტოლიაში. დაწყებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაცია პროტოკოლის სრული დაცვით, თუმცა გულის მექანიკური ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”,- ნათქვამია განცხადებაში.