„ქართული ოცნება“: მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარება, რაც საბოლოოდ ნათელს მოფენს სიმართლეს

მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარეობა, რაც საბოლოოდ ნათელს მოფენს სიმართლეს, – ამის შესახებ განცხადებაში წერია, რომელსაც პოლიტიკური დიალოგის მონაწილეები – ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ავრცელებენ.

როგორც განცხადებაში წერია, შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია.

„შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს.

პოლიტიკური მოლაპარაკებების მსვლელობისას, მოლაპარაკებების შინაარსის შესახებ მუდმივად ვაწვდიდით დეტალურ ინფორმაციას სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო უმრავლესობას. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრი ზედმიწევნით იყო ინფორმირებული დოკუმენტის დეტალების შესახებ და მათ სწორედ ამ დეტალების გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებასთან შეერთების შესახებ. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება.

მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარეობა, რაც საბოლოოდ ნათელს მოფენს სიმართლეს.

დასასრულს, მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, სახელმწიფო დეპარტამენტს და პირადად ენტონი ბლინკენს საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი და მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.