„ახალი მემარჯვენეები“ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მივიღებთ მხოლოდ ბლოკის სახით“

 “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, რომ ბლოკმა მათი მოლოდინი ვერ გაამართლა და იქ ყოფნის საჭიროებას ვეღარ ხედავს.

„ბლოკი შეიქმნა დაგვიანებით და უნდა აღინიშნოს, რომ ის მოლოდინი, რაც გვქონდა, ვერ გამართლდა. საერთოდ, ბლოკი იქმნება საარჩევნოდ. ჩატარდა არჩევნები, ჩატარდა მეორე ტურიც, მე არჩევნების შემდეგ პირველ ბრიფინგს ვატარებ დღეს. დღეს ჩვენ ბლოკში ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ვხედავ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბლოკში შემავალ პარტიებთან ურთიერთობას ვწყვეტთ. „ახალი მემარჯვენეებისთვის“ პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება ძველსა და ახალ პარტნიორებთან ერთად.

დღეს მე აქ, „კვირას“ პრესკლუბში, ვაცხადებ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ ბლოკის სახით.

საქართველოში უნდა დასრულდეს ორპოლუსიანი მმართველობა. ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ ბლოკის სახით, არა იმიტომ, რომ დამოუკიდებლად ძალა არ შეგვწევს, არამედ იმიტომ, რომ დღეს არაა პოლიტიკური კეკლუცობის დრო და ქმედითი გადაწყვეტილებები მხოლოდ ამ სახით მიიღება.
მე დღეს ვაცხადებ პირველად „კვირას“ პრესკლუბში, არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, რომ „ახალი მემარჯვენეები“ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მივიღებთ მხოლოდ ბლოკის სახით“ – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარის დატოვება