მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე ან 15 22-ზე რეგისტრაციას, შეეძლება, სამედიცინო დაწესებულებაში მივიდეს და რიგი დაიკაოს – თამარ გაბუნია

“„ფაიზერით“ რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის პორტალის, ასევე ცხელი ხაზის, 15 22-ის საშუალებით პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა ერთიანი რიგი დავიცვათ. შემდეგ ისევ შესაძლებელი იქნება ვირტუალური რეგისტრაციაც”, – ამის შესხებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ  ვაქცინაცია ცოცხალი რიგის საშუალებით ჩაიტარონ სამედიცინო დაწესებულებაშიც.

„მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე ან 15 22-ზე რეგისტრაციას, შეეძლება, სამედიცინო დაწესებულებაში მივიდეს, რისთვისაც ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია 37 დაწესებულება. ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება, რათა რიგი არ შეიქმნას და ყველა მსურველი მოკლე ხანში დაკმაყოფილდეს.

ვინც „ფაიზერის“ პირველი დოზა გასული კვირების განმავლობაში გაიკეთა, მათთვის რეგისტრაცია მალე დაიწყება და ამის თაობაზე განცხადება გაკეთდება, მათ არანაირი შეფერხება არ ექნებათ. რაც შეეხება დოზების რაოდენობას, როგორც ხედავთ, ქვეყანაში შეუზღუდავი იქნება, კიდევ ველოდებით მოწოდებას ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მილიონზე მეტი დოზის მოწოდებას ითვალისწინებს. დოზებზე შეფერხება არავის შეექმნება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.