დავით მარტიაშვილი: არავის ადვოკატად არ გამოვდგები, მითუმეტეს ლეგიონის, მაგრამ რაც სიმართლეა ის გითხარით!..

მას შემდეგ, რაც ოდესის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა, საზოგადოების ნაწილში გაჩნდა კითხვა-რა ბედი ელით ამჟამად უკრაინაში მყოფ ქართველ სამხედროებს?

განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია „მარშალპრესზე“ გამოქვეყნებულმა მასალამ, სადაც „თეთრ ლეგიონზე“ იყო საუბარი. რა ხდება უკრაინაში და რა  ბედი ელით იქ მყოფ ქართველ სამხედროებს? ამ და სხვა კითხვებით  ბატალიონ „დონბას უკრაინას“ წევრს, ვიცე-პოლკოვნიკ დავით მარტიაშვილს დავუკავშირდით.

-არავითარ კავშირში არ არის სააკაშვილის თანამდებობიდან წასვლა ქართველი სამხედროების ბედთან.

-არც „ქართულ ლეგიონთან“?

-თუნდაც ლეგიონის ბედი არ არის დაკავშირებული სააკაშვილთან.

-გუშინ სააგენტო „მარშალპრესმა“ გაავრცელა მასალა, თუ არ გინახავთ, ახლა განახებთ და მაინტერესებს, რას ფიქრობთ აქ მოყვანილ ფაქტებზე?

(თუ მკითხველს არ უნდახავს მასალა და ვერ მიხვდება რაზეა საუბარი, ნახეთ ლინკი http://marshalpress.ge/archives/69549

-„ქართული ლეგიონი“ არაოფიციალურად თავად შეირქვეს ბიჭებმა, სინამდვილეში ისინი 25-ე ბატალიონის კონტრაქტორები არიან, ასე რომ, მათი წასვლაც, მოსვლაც და საქმიანობაც განსაზღვრულია უკრაინის კანონმდებლობით.

-გინდათ თქვათ, რომ „ქართული ლეგიონი“ სააკაშვილს არ შეუქმნია? სტატიაც ხომ ნახეთ უკვე.

მე არავის ადვოკატად არ გამოვდგები, მითუმეტეს ლეგიონის, რადგან არ მაქვს კარგი ურთიერთობა მამულაშვილთან, მაგრამ სიმართლე სიმართლეა და უნდა ითქვას-სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მასალაში დასახელებულ პირებს, არც ერთს და არც მეორეს, „ქართულ  ლეგიონთან“ არანაირი კავშირი არ ჰქონია. მასალაში ნახსენებ მენაბდიშვილს პირადად ვიცნობ, მეორეს არა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ არ არის ლეგიონის წევრი.

რაც შეეხება რესტორან „ლაზიკას“-ნამდვილად მეცინება, სატირალი რომ არ იყოს, რესტორნის მეპატრონე სულაც არ გახლავთ ზურაბ მიქავა, მეპატრონე სინამდვილეში მისი მეუღლე, ქალბატონი თამარია და არავითარი შეკრებები იქ არ ხდება. თუ დაიჯერებთ, ამ ქალს იმდენად უყვარს ქართველები, რომ ნებისმიერს და განსაკუთრებით სამხედროებს კვებავს უფასოდ და ვისაც საცხოვრებელი არ აქვს, ამაშიც ეხმარება. ვიღაცამ ეს ან იცოდა და ცუდად გამოიყენა, ან უბრალოდ არ იცოდა რეალობა და თავისი დასკვნები გააკეთა. კიდევ ვამბობ, არავის ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ რაც სიმართლეა ის გითხარით.

-თუ გაქვთ ინფორმაცია, დაკავებულები არიან ხორავა და მენაბდიშვილი?

-თქვენს მიერ მოწოდებული მასალიდან და თქვენგან გავიგე, ისე კი გითხარით, რომ არ არიან ლეგიონის წევრები და აღარც ომობენ.

-ამბობენ, სააკაშვილი რადას ვადამდელი არჩევნების მოთხოვნისთვის ემზადება, იმასაც ამბობენ, ამაში სწორედ მაქ მყოფ ქართველ სამხედროებს გამოიყენებსო. ექნება ქართველი სამხედროების ზურგი?

-რას ჰქვია ექნება თუ არა მას ქართველი სამხედროების ზურგი? განა რა როლს ვთამაშობთ  უკრაინის ცხოვრებაში ქართველი სამხედროები, რომ ჩვენს გადაწყვეტილებებს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს? შესაძლებელია რომელიმე სამხედრომ პიროვნული სოლიდარობა გამოუცხადოს სააკაშვილს, ეს იქნება და ეს, არანაირი გავლენა ამას არაფერზე არ ექნება. ისე კი, გუშინ დამიკავშირდნენ ყოფილი მოხალისეთა ბატალიონების ვეტერანები, როგორც გავიგე, ისინი აპირებენ სააკაშვილის მხარეს დარჩენას და ჩემი აზრი აინტერესებდათ, რა პოზიციაზე ვარ, ჩემი პასუხი საჯარო არ არის,  მაგრამ შემიძლია იმათი პასუხი გითხრათ-ისინი უკვე აგროვებენ მხარდამჭერებს, ამას იმიტომ გეუბნებით, რომ პოროშენკო პირველ რიგში ბიზნესმენია და მერე პოლიტიკოსი, კარგად ხვდება რა შეიძლება მოუტანოს ამ ნაბიჯმა და სულაც არ არის გამორიცხული რომ ეს ყველაფერი შეთანხმებული სცენარი იყოს, როგორც იაცენიუკის შემთხვევაში იყო.

-იქნებ საქმე სხვაგვარადაა და მართლა ისეა გაბრაზებული პოროშენკო, რომ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას გადმოსცეს?

-არ დაიჯეროთ! რას გადმოსცემს, ვის გადმოსცემს? პოროშენკოს არც მის დანიშვნას ეკითხობოდნენ და არც მის გადაცემ-გადმოცემას დაუშვებს ის, ვინც ყველამ კარგად ვიცით…არ არის ეგ პოროშენკოს მისაღები გადაწყვეტილება.

უფრო მეტსაც გეტყვით, უკრაინელი ხალხი ახლა უფრო აქტიურობს სააკაშვილის გარშემო, გადადგომამ მას მომხრეები შესძინა, ახლა ხალხი მასზე დებს ფსონს და თუნდაც ამიტომ, პოროშენკოსთვის სააკაშვილის საქართველოს მთავრობისთვის გადაცემა დამღუპველი იქნება, ისედაც ერთი ნაპერწკალიღა აკლია აქაურობის აფეთქებას, უკრაინელები კი ასეთ საკითხებში დაუნდობლები არიან.

-და ბოლოს, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები იქონიებს თუ არა უკრაინაზე გავლენას?

-რა თქმა უნდა იქონიებს, მაგრამ დაველოდოთ საბოლოო შედეგს და ამაზე თუ დაინტერესდებით შემდეგ ვისაუბროთ.

 

კომენტარის დატოვება