დავით სერგეენკო – პოლიტიკური შეთანხმებიდან გამოსვლის ძირითადი მიზეზი სამწუხაროდ იყო ის, რომ ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა არ მოაწერეს მას ხელი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გამოსვლის ძირითადი მიზეზი, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ამ დოკუმენტის არ გაზიარებაა.

მისივე თქმით, სჯერა, რომ ინტენსიური კონსულტაციების შედეგად სრული ურთიერთგაგება ისევ აღდგება.

„იმ პოლიტიკური შეთანხმებიდან გამოსვლის ძირითადი მიზეზი სამწუხაროდ იყო ის, რომ მოლაპარაკების სხვა მხარეებმა – ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა, არ მოაწერეს მას ხელი, ანუ არ გაიზიარეს მისი ღირებულებები. პოლიტიკური შეთანხმებიდან გამოსვლა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია და რა თქმა უნდა, ამას რეაქცია მოყვებოდა აუცილებლად დასავლეთის მხრიდან. ამ დღეების განმავლობაში უკვე მიმდინარეობს ძალიან მჭიდრო კონსულტაციები, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ჩვენს დასავლეთ პარტნიორებს ბევრ კითხვაზე მისცემს პასუხს.

რაც შეეხება იმას, რომ ამ პოლიტიკური შეთანხმებიდან გამოსვლა იყო თუ არა ქვეყნის მთავარი სტრატეგიული ორიენტაციის შეცვლა, ცალსახად ვფიქრობ, რომ არა. მე მჯერა, გამომდინარე იქედან, რომ ის ღირებულებები, ის ორიენტაცია, რაც ქვეყანას აქვს აღებული განუხრელად გრძელდება. მჯერა, რომ ინტენსიური კონსულტაციებით, რომელიც ახლა, ამ დღეებში მიმდინარეობს, მიღწევადი იქნება ის, რომ სრული ურთიერთგაგება ისევ აღდგეს ამ მხრივ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.