ლევან დავითაშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს, ვაჰან ქერობიანს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, ვაჰან ქერობიანს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მიმდინარე თანამშრომლობის და არსებული პოტენციალის ათვისების საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და მევენახეობისა და ღვინის წარმოების ფონდის დირექტორი ესწრებოდნენ.

„ჩვენ ქვეყნებს წარმატებული პარტნიორული ურთიერთობების მრავალწლიანი ისტორია აქვთ. საინტერესო შეხვედრა გვქონდა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან. აღსანიშნავია, რომ სომხეთში ეკონომიკის სამინისტრო ფარავს სოფლის მეურნეობის სექტორსაც, შესაბამისად, საუბარი იყო იმაზეც, რომ ქართულმა და სომხურმა ბიზნესსექტორმა ძალისხმევა გააერთიანონ, რათა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გამოვიყენოთ ახალ ბაზრებზე ქართული და სომხური კომპანიების წვდომის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.