სამხედრო სავალდებულო სამსახურის საკითხი დამუშავების სტადიაში იმყოფება

ამირან სალუქვაძე
ბრიგადის გენერალი

ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამსახურის განახლების საკითხი, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად არმიის რიცხოვნობა, სტრუქტურა, სტრატეგიული დოკუმენტები და სხვა,შეთანხმებული უნდა იქნას უმაღლეს მთავარსარდალთან და თუ ის ჩათვლის საჭიროდ, გატანილი იქნას განსახილველად უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

ასევე პრეზიდენტის და უშიშროების საბჭოს გარეშე არ უნდა გადაეწყვიტა წინა მინისტრს გაწვევის შეჩერების საკითხი.

საერთოდ, უმაღლეს მთავარსარდალს მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს გენერალური შტაბის უფროსთან, მათ ასევე უნდა ჰქონდეთ პერიოდული შეხვედრები, თუნდაც ყოველკვირეული და მსგავსი თემები მიმდინარე რეჟიმში უნდა განიხილებოდეს. ანუ გენერალური შტაბის უფროსი პრეზიდენტს კვირაში ერთხელ, თუ საჭიროა უფრო ხშირად მოხსენებებს უნდა უკეთებდეს. ამ მოხსენებებს შესაძლოა მინისტრი არც ესწრებოდეს, ამის აუცილებლობა არაა. ეს მოიშალა ინსტიტუციონალურად უკვე დიდი ხანია, როცა სამოქალაქო მინისტრებმა დაიწყეს სამხედრო საკითხებში ჩარევა.

ეს ცალკე თემაა, ამიტომ დავუბრუნდეთ გაწვევის საკითხს.

თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დაუბრუნდეს სავალდებულო გაწვევას. მას ამის უფლება ჰქონდა, რადგან კონსტიტუცია არავის შეუცვლია და საკანონმდებლო დონეზე ეს საკითხი დარეგულირებულია. ცალმხრივად და დემოსტრაციულად გაწვევის შეჩერების უფლება არ ჰქონდათ მანამდე, თუმცა ასეთი ხმაური არ მოჰყოლია და ხმაურობს ის ხალხი, რომლებსაც სამხედრო თეორიასთან შეხება არ აქვთ, არადა ეს ცალკე მეცნიერებაა.

რამდენადაც უკვე მეორე კვირაა ჩართული ვარ ამ პროცესში საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ასევე რამდენიმე ხანგრძლივი საუბარი მქონდა თავდაცვის მინისტრთან და მის მოადგილეებთან, დანამდვილებით და სრულიად ობიექტურად შემიძლია მოვახსენო საზოგადოებას, რომ თავდაცვის მინისტრი თავის გუნდთან ერთად საკითხის შესწავლის და დამუშავების სტადიაში იმყოფება.

ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდები, მანამდე გენშტაბის პოზიციას განვიხილავ. მისასალმებელია, თუ გენერალური შტაბი ჩამოყალიბდა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჩვენს არმიაში აუცილებელია გაწვევის შერეული (სავალდებულო და საკონტრაქტო) სისტემა.

მე მაინტერესებს 3 თვის წინ იგივე გენერალურ შტაბს რატომ ჰქონდა საწინააღმდეგო მოსაზრება? თუ სხვაგვარად ფიქრობდნენ და მინისტრთან კონფრონტაციას მოერიდნენ? თუ ეს ასეა, მაშინ სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. კერძოდ, თუ სამხედრო მაღალჩინოსნებს არ შესწევთ უნარი მშვიდობიან პერიოდში დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რა იქნება ომის დროს?

თუ 3 თვის წინ სხვაგვარად ფიქრობდნენ და ახლა დაინახეს, რომ გაწვევის გაუქმებამ პრობლემები მოიტანა, მაშინ სხვა ხასიათის არანაკლებ პრობლემასთან გვაქვს საქმე.

ახლა დავუბრუნდეთ თემას თუ რა სტადიაში იმყოფება ეს საკითხი თავდაცვის სამინისტროში.

როგორც მოგახსენეთ, თავდაცვის მინისტრთან შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა გაწვევის თემასთან დაკავშირებით. 11 ნოემბერს ჩანიშნულია მეორე შეხვედრა და არ გამოვრიცხავ, რომ სანამ უშიშროების საბჭოზე გაიტანს მინისტრი აღნიშნულ საკითხს, კიდევ რამდენიმე მსჯელობა გაიმართოს.

ჩემგან არ იქნება კორექტული გავაჟღერო ის საკითხები, იდეები, ინიციატივები, რომლებიც ამ შეხვედრებზე იქნება განხილული, მანამ სანამ საკითხი არ შეჯერდება საბოლოოდ და მინისტრი მას არ გაასაჯაროვებს.

პირველი შეხვედრა საკმაოდ ზოგადი იყო. მინისტრთან შემდეგ პირად საუბრებში შევთანხმდით, რომ უფრო სიღრმისეულად გავივლით ყველა საკითხს.

რა საკითხები იქნება განხილული? ესაა პირველ რიგში ამ სამსახურისთვის ადამიანური სახის მიცემა და ყველა ადრინდელი ნაკლოვანების აღმოფხვრა. იქნება მსჯელობა ვადიანი მოსამსახურეების მომზადებასთან დაკავშირებით. გენშტაბმა წარმოადგინა წინადადება 1-თვიანი პროგრამის 3-თვიანით შეცვლასთან დაკავშირებით. ეს საკითხი განსახილველია. მე არ მინდა მოხდეს ისე, რომ ჩაუტარონ წვევამდელს 3-თვიანი მომზადება და ამით ამოიწუროს.

ჩემი მიდგომა ბევრჯერ განვაცხადე და ამ პოზიციაზე დავრჩები – როგორც სავალდებულო სამსახურის მოსამსახურე, ასევე ხელშეკრულებით მომსახურე, მუდმივად უნდა გადიოდეს წვრთნებს, სამსახურის (ხელშეკრულების) დაწყებიდან, მის დასასრულამდე. ჯარი მუდმივად უნდა იყოს დაკავებული საბრძოლო მომზადებით.

განხილული იქნება ასევე სხვა საკითხებიც. ესაა:
– სავალდებულო სამსახურის გავლის გარემოს გაუმჯობესება,
– საწესდებო წესრიგის უზრუნველყოფა და სხვადასხვა არასაწესდებო ურთიერთობების და მავნე ტრადიციების აღკვეთა/პრევენცია
– მასტიმულირებელი ღონისძიებების მთელი კომპლექსი და სხვა.

სტიმულირებას რაც შეეხება, უკვე შევთავაზე მინისტრს გარკვეული იდეები და ყველა ამ საკითხზე მსჯელობა იქნება.

რაც შეეხება გენშტაბის განცხადებას, რომ ისინი მზად არიან წვევამდელთა მისაღებად, შეხვედრებისას მათ ვეტყვი ჩემს მოსაზრებებს, რომ არ ღირს აჩქარება, რადგან ძალიან ბევრი მოსამზადებელი ღონისძიება იქნება ჩასატარებელი, რათა შესაძლო პრობლემები ან დარღვევები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. 100%-ით ვერაფერს აღვკვეთავთ, თუმცა ნებისმიერ ცუდ შემთხვევას შესაძლოა საზოგადოების უარყოფითი რეზონანსი მოჰყვეს. ამ საკითხსაც საჭირო საინფორმაციო მომზადება ესაჭიროება, რადგან სავალდებულო სამსახურის გაუქმება პოპულარული ნაბიჯია, აღდგენა კი პირიქით.

შესაბამისად, ეს საკითხები კარგ მომზადებას საჭიროებს. სათითაო ოფიცერთან და საკონტრაქტო სამსახურში მყოფ მოსამსახურეებთან იქნება დიდი სამუშაო გასაწევი. ასევე ჩასატარებელი იქნება საორგანიზაციო თუ სხვა სახის ზღვა სამუშაო.

ახლა რაც შეეხება საკითხის უშიშროების საბჭოზე გატანას.

მანამ, სანამ თავდაცვის უწყება საკითხის მომზადებას არ დაასრულებს, არ განიხილავს მას მთავრობაში, როგორ უნდა გაიტანოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე? საბჭო კი არის სათათბირო ორგანო, მაგრამ სათათბიროდ მომზადებული საკითხები გადის და არა უმი იდეები. მხოლოდ სათანადოდ მომზადებული და დასაბუთებული საკითხების ირგვლივ იმართება მსჯელობები და საბჭო ან იწონებს, ან არ იწონებს წარდგენილ წინადადებებს, პროექტებს, პროგრამებს, კონცეპტუალურ დოკუმენტებს.

მგონი არავინ აპირებს უშიშროების საბჭოს დაკნინებას. საბჭოსთან აქტიურად თანამშრომლობს როგორც პრემიერ-მინისტრი, ასევე შესაბამისი განცხადება გააკეთა მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა დანიშვნისას და ზედმეტი აჟიოტაჟი მხოლოდ ზიანს აყენებს უშიშროების საბჭოს ინსტიტუტს.

ასევე მინდა განვაცხადო, რომ ნურავის ექნება იმის განცდა, რომ რა საკითხებშიც არ დავეთანხმები თავდაცვის უწყებას, არ გამოვხატავ. მანამ, სანამ ეს თანამშრომლობის ფორმატი იმოქმედებს, ყველა მოსაზრებას, მათ შორის კრიტიკულსაც, პირდაპირ გავუზიარებ თავდაცვის მინისტრს, თუ ეს ფორმატი შეწყდება, მაშინ საჯაროდ. მგონი ასე ვაკეთებ ბოლო 10 წელია. 2006 წლიდან ათობით სტატია მაქვს გამოქვეყნებული თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ჯერ-ჯერობით ის გზა, რომელიც აირჩია მინისტრმა სავალდებულო სამსახურის საკითხთან მიმართებაში, კერძოდ, მოსმენა, ანალიზი, შეფასება, საკითხის მომზადება და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება, არის სწორი გზა. ამიტომ ვადროოთ, დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ.

აი ამ მოსაზრებების გაზიარება მინდოდა საზოგადოებისთვის. შემდგომშიც გავაგრძელებ თქვენს ინფორმირებას და საკუთარი შეფასებების გამოქვეყნებას.

კომენტარის დატოვება