გიორგი ღოღობერიძე – მთავრობა უბრალოდ დამიდგეს გვერდით, ცოტათი მაინც წამომიკრას ხელი და იქნება ისეთი აფთიაქები, სადაც არაფერი გაიყიდება ძვირად

ექიმი გიორგი ღოღობერიძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტული კომპანიები ზოგიერთ წამალს 300-400%-იან ფასნამატს ადებენ.

ღოღობერიძე ამბობს,რომ მისი მიზანი ისეთი კლინიკისა და აფთიაქის გახსნაა, სადაც ყველაფერი ხელმისაწვდომ ფასებში გაიყიდება. ღოღობერიძე მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართავს, მიზნის მისაღწევად გვერდში დაუდგეს.

“პრემიერმა თქვა, ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი 300-400%-ითო.

აი, 4-5 თვეა შუაზე ვიხევი, რომ ხელმისაწვდომ ფასებზე ორიენტირებული კლინიკა და აფთიაქი გავხსნა

დღეში 2-3 ბიზნესმენს ვხვდები და ტვინს ვუდუღებ, რომ ამ იდეაში ამყვნენ

მთავრობა უბრალოდ დამიდგეს გვერდით, ცოტათი მაინც წამომიკრას ხელი და იქნება ისეთი აფთიაქები, სადაც არაფერი გაიყიდება 300-400%-ით ძვირად. ხალხიც სარგებელს ნახავს და სახელმწიფოც იხეირებს.

სახელმწიფოს ზღვა რესურსი აქვს და მათ ეს არ დაუჯდებათ ძვირი. ყველა ეტაპს მივხედავ, ყოველგვარი პოლიტიკური და ფინანსური სარგებლის გარეშე.

მე ჩემითაც მივაღწევ ამ მიზნებს, უბრალოდ, რამდენიმე წელი დამეხარჯება და მათი თანადგომით ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში იქნება,”- წერს გიორგი ღოღობერიძე.

ცნობისთვის, დღეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფარმაცევტული კომპანიები ზოგიერთ წამალს 300-400%-იან ფასნამატს ადებენ.