თეა ახვლედიანი: აფხაზურ საზოგადოებასთან მიმდინარე არაფორმალური კომუნიკაციის შედეგად და საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით, წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები დაგროვდა

„გამოწვევებთან ერთად, ეს იყო მნიშვნელოვანი შედეგების წელიც, როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის ფარგლებში, რომელთაც მივაღწიეთ დიალოგით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობითა და საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობითა და მხარდაჭერით“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრმა აუდიტორიას წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები გააცნო.

„მაგალითისთვის: აფხაზეთის მიმართულებით, მოხერხდა ე.წ. გადასასვლელის ეტაპობრივი გახსნა და დღეს ენგურის ხიდზე აღდგენილია მიმოსვლა, რომლითაც ყოველდღიურად დაახლოებით 1000-მდე ადამიანი სარგებლობს; აფხაზურ საზოგადოებასთან მიმდინარე არაფორმალური კომუნიკაციის შედეგად, დაგროვდა წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები; ვაჭრობისა და ეკონომიკური კავშირების განვითარების მიზნით – ამოქმედდა „მშვიდობის ფონდი“, დაიწყო ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ბიზნეს-პროექტების დაფინანსება და უკვე მიმდინარეობს 11 პროექტი“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, აფხაზეთის რეგიონში დაიწყო ნდობის აღდგენისკენ მიმართული 100-მდე ახალი პროექტი.

„გასამმაგდა ოკუპირებული რეგიონებიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა; პანდემიის პერიოდშიც არ შეწყვეტილა უფასო ჯანდაცვის მომსახურების პროგრამა, რომლითაც ოკუპირებული რეგიონების 1400-მდე მცხოვრებმა ისარგებლა. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების პროგრამის ფარგლებში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით და მხარდაჭერით, იდენტიფიცირებული და ოჯახებისთვის გადაცემული იქნა 27 პირის ნეშტი. აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლებისთვის, საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო პარტნიორებმა 4 მილიონი ლარის ოდენობის დახმარება უზრუნველყო, მათ შორის პანდემიით გამოწვევების დასაძლევად“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მინისტრის თქმით, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მსგავსი დახმარების გაწევა დღემდე შეუძლებელია ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო რეჟიმის მიდგომის გამო.

„გამყოფი ხაზის უკლებლივ ყველა სოფელში 3,400-მდე ოჯახს, მათ შორის ობოლ ბავშვებსა და მარტოხელა მოხუცებს, ისევე, როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, 1300-ზე მეტ ოჯახს გაეწია სოციალური დახმარება. გამყოფი ხაზის სოფლებზე საუბრისას, განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციტივით ახლახან მიღებული გადაწყვეტილება – დაიწყოს სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა“, – აღნიშნა თეა ახვლედიანმა.