არ შეიძლება ქვეყნის და სახელმწიფოს მშენებლობა უღირსი საქციელით, არ შეიძლება, რომ ქვეყანას და სახელწიფოს აშენებდნენ კორუფციონერები -გახარია

„ჩვენ არსად არ გვეჩქარება. ვინც რა არ უნდა გვეძახოს და როგორც არ უნდა გაგვლანძღოს, იმხელა მიზანი გვაქვს, რომ ეს მიზანი ღირს ყველაფრად და ყველაფრის მოთმენა შეიძლება. ამას ყველაფერს მოვითმენთ. გზას მივცემთ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან, რაც მთავარია, ღირსებით, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ხობში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა .

გახარიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წყნარად, მშვიდად, ღირსებით, კეთილსინდისიერებითა და პროფესიონალიზმით უნდა გაძლიერდეს ხობის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო და მთლიანად ქვეყანა.

არ შეიძლება ქვეყნის და სახელმწიფოს მშენებლობა უღირსი საქციელით. არ შეიძლება, რომ ქვეყანას და სახელწიფოს აშენებდნენ კორუფციონერები. არ შეიძლება, რომ ქვეყანას და სახელმწიფოს აშენებდნენ არაპროფესიონალები. ამიტომ ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. ეს არის, რაზეც იქნება დაფუძნებული თითოეული ჩვენი ნაბიჯი, ქმედება და თითოეული ადამიანი, რომელიც იქნება აქ, უნდა შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნებს. ამიტომ, ახლა ხომ მუნიციპალური არჩევნებია. თითოეული ადამიანი უნდა აირჩიოთ თქვენ და ეს თითოეულმა ადამიანმა ერთ კვირაში უნდა მოვიდეს და გითხრან თქვენ ხობის ბიუჯეტი როგორ გაიზრდება, ბიუჯეტში რაც თანხაც შევა, როგორ დაიხარჯება. როგორ არ იქნება ერთი და იგივე საქმის ათჯერ კეთება, როგორ არ იქნება კორუფცია და უბედურება და როგორ იქნება გზა გახსნილი კეთილსინდისიერი, პროფესიონალი ახალგაზრდებისთვის. ეს არის და ეს. როგორც კი, ეს სახლი დაიწყებს ფუნქციონირებას, ჩათვალეთ, რომ ათ დღეში ერთხელ მე აქ ვიქნები, საზეიმო მდგომარეობაში კი არა, სამუშაო მდგომარეობაში – ვინ რას აკეთებს, ვინ რაზეა პასუხისმგებელი, ვინ იქნება მერობის კანდიდატი, ვინ იქნება სიაში, ვინ იქნება მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი, სხვანაირად არაფერი გამოვა. მარტო ვერც მე და ვერც ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს. ერთმანეთს თუ არ დავუდექით გვერდზე, არაფერი არ გამოვა.

ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, წყნარად, მშვიდად, ღირსებით, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით უნდა გავაძლიეროთ ხობის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო და მთლიანად ქვეყანა. ეს არის მიზანი და დანარჩენი ყველაფერი, მერწმუნეთ, რომ წარმავალია. ერთგულება არსებობს ქვეყნის, სამშობლოს, რელიგიის, რწმენისა და კულტურის. ამიტომ, უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ამ გზას, რომელსაც ახლა ჩვენ ვადგებით, რა თქმა უნდა, გავიყვანთ ბოლოში, აი, ამ პატარა ბავშვების საბედნიეროდ. იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ძლიერმა სახელმწიფომ შეძლოს, დაიცვას ჩვენი ეკლესია, ჩვენი კულტურაც და ეს პატარა ბავშვები, ჩვენი ხანდაზმულები, რომლებსაც ღირსეული მედიცინა და ღირსეული პენსია და ღირსეული ცხოვრება სჭირდებათ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.