ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურთან ერთად სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურთან ერთად მის მშობლიურ სოფელში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში ჩავიდა.

სოფელში ტოკიოს ოლიმპიადაზე გამარჯვებულ ძიუდოისტს სპეციალური დახვედრა მოუწყვეს, რომელსაც ადგილობრივები და ოლიმპიური ჩემპიონის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

„ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ – ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვარ და ჩემთვის ეს ყველაფერს ნიშნავს“, – აცხადებს ლაშა ბექაური.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისთვის განსაკუთრეულად საამაყოა ის, რომ ლაშა ბექაური მისი ძირძველი კუთხიდან – დედოფლისწყაროდანაა.

„ისევე როგორც მთელი ჩვენი მოსახლეობა, ძალიან აღტაცებული და ბედნიერი ვარ, რომ ლაშა პირველ რიგში არის მთელი ერის სიამაყე და სიხარული, მეორე რიგში კი ჩემთვის განსაკუთრებულად საამაყოა, რომ ის ჩემი ძირძველი კუთხიდან – დედოფლისწყაროდანაა. ამიტომ შევიკრიბეთ დღეს ყველანი აქ და ვზეიმობთ ლაშას ჩემპიონობას. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვულოცავ ლაშას, მის ოჯახს, მის მწვრთნელს, ექიმებს და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ გამარჯვებაში. ლაშა ამ სოფელში გაიზარდა, უმძიმეს პირობებში უწევდა ვარჯიში, ამიტომ დღეს შევპირდი, რომ დაიწყება მისი სახელობის ახალი დარბაზის მშენებლობა“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.