სააკაშვილი რატიანს – ლევან, ცოტა ნაკლები რომ ილაპარაკო ტელევიზორში და ცოტა მეტად გადაარჩინო ხალხი, ბევრად უკეთესი იქნებოდა

იმის მაგივრად, რომ ექიმები დაკავებული იყვნენ, ქედს ვიხრი ქართველი ექიმებისა და მედპერსონალის წინაშე, მე ვსაუბრობ სამთავრობო ექიმებზე, ტელევიზორში არიან გამოკერებული და ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ქართველი ექიმები, მედიკოსები, მედპერსონალი იმსახურებს ყველანაირ მადლობას და მართლა ქედის მოხრას თითოეული ჩვენგანისგან. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, რაც ახლა საქართველოს საავადმყოფოებშია მისი დატოვებულია,ხოლო  მთლიანად ქვეყანას კი, 150 საავადმყოფო დაუტოვა.

„საქართველოს აქვს ბევრად უფრო უკეთესი ბაზა, ვიდრე უკრაინას, მაგრამ მოახერხეს და უკრაინაზე ბევრად უარესი ციფრები აქვთ. ამას ხომ მოხერხება უნდოდა, იმ ბაზის პირობებში, რომელიც მე დავუტოვე. ყველაფერი, რაც არის საავადმყოფოებში, ეკიპირება, ყველაფერი მე დავტოვე. მეორე ეტაპი უნდა ყოფილიყო ექიმების გადამზადება, უკეთესი აღჭურვა და ასე შემდეგ. ეს უკვე აღარ გააკეთეს და ახლა ამის შედეგებს ვიმკით. მაგრამ მთავარი და პირველი ეტაპი ჩვენ განვახორციელეთ და გვქონდა ბუნებრივი უპირატესობა, რომ ეს ტრაგედია არ მომხდარიყო, რომელიც ახლა ხდება. ვისზე გადადის ეს? საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენებზე. რატომ არ იცრება ხალხი? ხალხს ნუ კი ამუნათებთ. იმიტომ, რომ არ სჯერათ თქვენი.

რატომ უნდა დაგიჯეროთ, მატყუარები ხართ, უკვე იმდენჯერ მოიტყუეთ. რატომ უნდა დაუჯეროს ხალხმა ვინმე იმნაძეს და ვინმე აცანცარებულ ცერცვაძეს, როდესაც ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ მთელი ეს თვეები და წლები. ლევან რატიანი ტელევიზორიდან არ გამოდის, უკაცრავად, ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს რეანიმაციის პოსტსაბჭოთა სივრცეზე. მე ყოველთვის პატივისცემით ვიყავი ლევანის მიმართ, მაგრამ ლევან, ცოტა ნაკლები რომ ილაპარაკო ტელევიზორში და ცოტა მეტად გადაარჩინო ხალხი, ბევრად უკეთესი იქნებოდა.

ყველაფერს აქვს საზღვარი. ეს ქვეყანა არ არის თქვენი საგულაო და არ არის გასანადგურებელი, რომ ყელყელაობდეთ „ოცნების“ ღონისძიებებზე. კი, გაგიშვით უცხოეთში სასწავლებლად, არა იმისთვის, რომ თანამონაწილეობდე შენი მოქალაქეების მკვლელობაში. მეტი არაფერი არ ჰქვია ამას, რასაც აკეთებს სამედიცინო ფუნქციონარები დღეს საქართველოში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.