ეკატერინე ტიკარაძე სააკაშვილის განცხადებაზე: ძალიან უხერხულია და ყველა ზღვარს სცდება – არ შეიძლება, დღეს ჩვენს ექიმებს ვინმემ მსგავსი შეურაცხყოფა მიაყენოს

ძალიან უხერხულია და ყველა ზღვარს სცდება, – ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თქვა: „სამთავრობო ექიმები ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ, ყველა, ვინც დაეხეტებით „ოცნების“ ღონისძიებებზე, ხართ თითოეული მოქალაქის განადგურების თანამონაწილე, ქართველი ერი გაგცემთ საკადრის პასუხს“.

მინისტრის თქმით, ექიმების მიმართ, რომლებიც სხვების ჯანმრთელობისთვის თავს სწირავენ, მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია.

„არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის წარმომადგენელი ხარ, რა მრწამსი ან რელიგიური შეხედულებები გაქვს. ექიმის პროფესია, განსაკუთრებით დღეს, არის იმდენად წმინდა პროფესია, რომ არ შეიძლება, დღეს ჩვენს ექიმებს მსგავსი შეურაცხყოფა მიაყენოს. ალბათ, ეს არის საზოგადოების გადასაწყვეტი და ვალი, რომ დაიცვან იმ ადამიანების ღირსება და სახელი, რომლებიც, მეორე წელია, ასეთ საგანგაშო ომში არიან, საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ და ემსახურებიან ჩვენს მოქალაქეებს, მათი სიცოცხლის გადასარჩენად“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.