ბასილ კობახიძე: მათი უმეტესობა, რომელიც აცრაზე უარს ამბობს, ამას ეკლესიის ქადაგების გამო აკეთებს

თეოლოგი ბასილ კობახიძე ,,ფორმულას” ეთერში საუბრისას აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ აცრაზე უარს ამბობენ, ამას არა საერო კონსპირაციების, არამედ ეკლესიის ქადაგების გამო აკეთებენ.

მისივე თქმით, პატრიარქის მოწოდების გამო უამრავი ადამიანი აიცრება.

“საქართველოში ანტივაქსერების რაოდენობა საერო კონსპიროლოგიური თეორიების გამო არის მიკროსკოპულად მცირე.

იმ ხალხის უმრავლესობა, რომელიც არ იცრება, ამას აკეთებს ეკლესიის, სამღვდელოების ქადაგების გამო.

დღეში 50 ადამიანი იღუპება. ამ ფონზე ასეთი განცხადების გაკეთება, პილატესავით ხელების დაბანა და იმის თქმა, პატრიარქის აცრას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხალხისთვის, ანტიქრისტიანული, უპასუხისმგებლო და არაადამიანური განცხადებაა.

პატრიარქმა აცრისკენ რომ მოუწოდოს, უამრავი ადამიანი აიცრება.

ეს ფსევდომართლმადიდებლური, რუსული, კონსპიროლოგიური ბოდვა, რომელმაც წალეკა ეკლესია და სამღვდელოების და მრევლის ტვინები, არის მწვალებლობა, ერესი და არაფერი აქვს საერთო ეკლესიის სწავლებასთან”. – განაცხადა ბასილ კობახიძემ.