მდინარაძე გახარიას გუნდზე: უფუნქციო პარტიის დევნა არარელევანტურია

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიას გუნდის ბრალდებებს პასუხობს და მათ “უფუნქციო პარტიას” უწოდებს, რომელთა დევნა “არარელევანტური” იქნებოდა. მდინარაძის აზრით, გახარიას გუნდი თავისი განცხადებებით ცდილობს, აქტუალური იყოს.

“უფუნქციო პარტიის დევნა, მართლა ასეთი ვინმეს რომ უნდოდეს, ასეთს რომ ვინმე კადრულობდეს, მაინც არარელევანტურია. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ქვეყანაში ამას არავინ არ კადრულობს. როდესაც ეს ხალხი ასეთ განცხადებებს აკეთებს, ისინი სიტუაციით სარგებლობას ცდილობენ, ცდილობენ აქტუალურები იყვნენ”, – თქვა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას პარტიის ,,საქართველოსთვის” მხარდამჭერ, აკაკი ბართაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბართაია პოლიციამ 16 აგვისტოს, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. გახარიას გუნდში ამბობენ, რომ მათ მხარდამჭერს  იარაღი ჩაუდეს და მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.