თამარ გაბუნია – კლინიცისტები აღნიშნავენ, რომ ხშირად შემთხვევების დამძიმების ტემპი უფრო სწრაფია და პროგნოზირება რთულია, რა გამოსავალი დადგება

„გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა, ბუნებრივია, უკავშირდება შემთხვევების მაღალ გავრცელებას”, – ამის შეასხებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც იგი ამბობს, აქცენტი კვლავ კეთდება აცრის და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე, რადგან შემთხვევების დამძიმების ტემპი არის სწრაფი.

„კლინიკური პრაქტიკის ნაწილში ის შესაძლებლობები და გამოცდილება, რაც არსებობს, იძლევა შემთხვევების მართვის საშუალებას, თუმცა კლინიცისტები აღნიშნავენ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში შემთხვევების დამძიმების ტემპი არის უფრო სწრაფი და პროგნოზირება რთულია, რა გამოსავლი დადგება ამა თუ იმ შემთხვევაში. აქცენტი კვლავ კეთდება აცრის და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე. გარდაცვალების შემთხვევების აუდიტი სისტემატურად ტარდება. ამას აკეთებს როგორც რეგულირების სააგენტო, ასევე კლინიკური ჯგუფი.

ჯერჯერობით ამ ანალიზის შედეგად არსებული პრაქტიკიდან რაიმე მნიშნელოვანი ცვლილება გამოვლენილი არ ყოფილა. თუმცა მუდმივად არის მსჯელობა, რომ თუ რაიმე ახალი გადაწყვეტა იქნება, კლინიცისტებს საქართველოშიც უნდა ჰქონდეთ ეს გადაწყვეტა. იგულისხმება ჟანგბადის დამხმარე თერაპია – მაღალი ნაკადით ჟანგბადის მიწოდების აპარატურა შესყიდულია და კლინიკები კიდევ გეგმავენ თავად მის მობილიზებას“,- განაცხადა გაბუნიამ.